ფეხბურთი

12:57 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“შაპეკოენსე” კვლავ “ატლეტიკო ნასიონალის” წინააღმდეგ (+VIDEO)

ბრაზილიურმა “შაპეკოენსემ” რეკოპას პირველ მატჩში (ევროპის სუპერთასის ანალოგი სამხრეთამერიკაში) კოლუმბიური “ატლეტიკო ნასიონალი” 2:1 დაამარცხა. “ატლეტიკო” ის გუნდია, რომლის წინააღმდეგ “შაპეს” გასული წლის 30 ნოემბერს მედელინში უნდა ეთამაშა, თუმცა უბედური შემთხვევის გამო, არ დასცალდა.

მაშინ კოპა სუდამერიკანას გამარჯვებულად “შაპეკოენსე” გამოცხადდა, ხოლო რადგან კოპა ლიბერტადორესი მანამდე “ატლეტიკო ნასიონალს” ჰქონდა მოგებული, ბუნებრივია, რეკოპას მატჩები სწორედ მათ შორის უნდა შემდგარიყო.

“არენა კონდაზე” გამართულ მატჩში ანგარიში რეინალდომ გახსნა პენალტით (24-ე წუთი), ხოლო კოლუმბიელებმა 59-ე წუთზე გაათანაბრეს. ვაგნერ მანსინის “შაპეკოენსემ” საბოლოოდ თამაში ლუის ოტავიოს გოლით მაინც მოიგო.

განმეორებითი მატჩი 10 მაისს ჩატარდება მედელინში. სწორედ იმ სტადიონზე, სადაც ბრაზილიელებს გასული წლის ნოემბერს “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ფინალი უნდა ეთამაშათ. სწორედ მაშინ მოხდა ავიაკატასტროფა, რომელსაც 71 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის "შაპეკოენსეს" თითქმის მთელი შემადგენლობა.

0.117095