ჩოგბურთი

19:34 | 4.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი: “შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ’’

მზიურში მდებარე საჩოგბურთო კორტები 7-9 აპრილს, დევისის თასზე, ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლებს საქართველოსა და ლიტვის ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებებს შორის.

ამ შეხვედრამდე ქართველმა და ლიტველმა ჩოგბურთელებმა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, შესაბამისად ფინეთისა და მადაგასკარის ნაკრები გუნდები ერთნაირი ანგარიშით 3:2 დაამარცხეს და I ჯგუფის საგზურისათვის ბრძოლას განაგრძობენ.

საქართველოსა და ლიტვას შორის გამარჯვებული, მიმდინარე წლის სექტემბერში შვედეთსა და თურქეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში I ჯგუფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ლიტვასთან საქართველო იგივე შემადგელობით გამოვა, როგორიც ფინეთთან ჰყავდა. ესენი არიან:

ნიკოლოზ ბასილაშვილი (60-მიმდინარე რეიტინგი ერთეულთა შორის)

გიორგი ცივაძე (862)

ზურა ტყემალაძე (ურეიტინგო)

ვაჟა შუბლაძე (ურეიტინგო)

დავით კვერნაძე (გუნდის კაპიტანი)

დავით კვერნაძე: „ სრული შემადგენლობით ვარჯიში ერთი კვირის წინ დავიწყეთ, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილი შემოგვიერთდა. გუნდი კარგ ფორმაშია და მოგებისათვის ვიბრძოლებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ლიტველებს არ ეყოლებათ გუნდის ლიდერი რიკარდას ბერანკისი, მაინც კარგი გუნდი ჰყავთ და რთული ბრძოლების გადატანა მოგვიწევს. ჩემი აზრით, ორივე გუნდს მოგების თანაბარი შანსი აქვს. ლიტველებს აქამდე ორჯერ შევხვედრივართ და 0:2 ვაგებთ’’.

ნიკოლოზ ბასილაშვილი: „დაახლოებით ერთი კვირა იქნება, რაც თბილისში ვარ და გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. ფიზიკურისაგან განსხვავებით მორალურად თავს კარგად ვგრძნობ და შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

- ფიზიკურ მომზადებაში რა პრობლემა გაქვთ?

- ცოტა ხნის წინ კოჭი ამოვიტრიალე და ამის გამო რამდენიმე ვარჯიში გამიცდა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და თამაშისათვის მზად ვარ.

- 2017 წელი თქვენთვის კარგად დაიწყო და ერთეულთა შორის კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენეთ- 53-ე ადგილი დაიკავეთ. სამომავლოდ რა შედეგი გაქვთ დაგეგმილი?

- ჩემი მიზანი კარგი თამაშია და შედეგი თავისთავად მოვა.

დავით ცივაძე: „კარგ პირობებში ვემზადებით. მართალია, მუხლის ტრავმა მქონდა, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ფინეთთან მატჩის მსგავსად თუ საჭირო გახდა, ხუთი სეტის სათამაშოდაც მზად ვარ’’.

საქართველოსა და ლიტვის ნაკრებთა მატჩების განრიგი:

7 აპრილი, 11:45 საათი - ერთეულთა თანრიგი
8 აპრილი, 14:00 საათი - წყვილთა თანრიგი
9 აპრილი, 12:00 საათი - ერთეულთა თანრიგი

კენჭისყრა 6 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126765