ბექა ვაჩიბერაძე შარშან დონეცკის "შახტარის" 21-წლამდელთა გუნდიდან გადავიდა ესპანურ "ბეტისში", სადაც დუბლებში უწევდა გამოსვლა, მაგრამ 21 წლის ნახევარმცველს კარგი პერიოდი არ უდგას: ის საჩემპიონატო განაცხადში არ შეიყვანეს.
"კლუბში ხელმძღვანელობა შეიცვალა. მწვრთნელიც ახალი მოვიდა. შარშან ზაფხულსვე მივხვდი, რომ ჩემზე გათვლას არ აკეთებდნენ. მინდოდა წასვლა და წინადებებიც მქონდა, მაგრამ ასე უბრალოდ არ გამიშვეს. მქონდა კონფლიქტი "ბეტისის" ერთ-ერთ ხელმძღვანელთან. ახლაც მაქვს შემოთავაზებები. ისევ ესპანეთში დავრჩები თუ არა? ჯერ არ ვიცი" - უთხრა ვაჩიბერაძემ უკრაინულ sport-ს.
როგორც იცით, ვაჩიბერაძე საქართველოში დაბადებულია, თუმცა ბავშვობაშივე უკრაინაში გააგრძელა კარიერა და იქაურ ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. მეტიც, ლიდერი გახლდათ და მისი დიდი დამსახურება იყო, "შახტარის" 19-წლამდე გუნდი უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალში რომ გავიდა.
აი, ყველაზე საინტერესო შეკითხვაც:
- ამბობდით, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშს გთავაზობდნენ და იუარეთ. რატომ?
- დიახ, შემომთავაზეს. 16 წლის ასაკიდან უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ვთამაშობ და არაფრის შეცვლა არ მსურს. უკრაინის ეროვნული ნაკრებისკენ მივიწევ.საამისოდ კიდევ ბევრი მუშაობა მჭირდება.
შეგახსენებთ, შარშან საქართველო-უკრაინის 21-წლამდელთა ამხანაგური მატჩი გაიმართა ზესტაფონში. გია გეგუჩაძის გუნდი 3:2 იგებდა და ბოლო წამებზე ვაჩიბერაძემ გაათანაბრა ანგარიში.