კალათბურთი

18:31 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის მოკრძალებული შედეგი და ბურჯანაძის ლიდერობა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას XXVII ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა “მორაბანკ ანდორამ” და პლეი-ოფისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის ძალისხმევით “ანდორამ” საკუთარ მოედანზე “ესტუდიანტესი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა – 87:83.

ორივე ქართველი სასტარო შემადგენლობაში იყო და ამჯერად საუკეთესო არა შერმადინი, არამედ ბურჯანაძე გახლდათ. ახალგაზრდა ქართველმა პარკეტზე 31:10 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 20 ქულით, 5 მოხსნითა და 1 პასით შეეწია. ბექამ შვიდიდან ოთხი ორქულიანი, ოთხიდან სამი სამქულიანი ჩააგდო და ასეთივე მაჩვენებელი დააფიქსირა საჯარიმო სტყორცნებშიც. ბექა ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო და მარგი ქმედების კოეფიციენტიც შესაბამისად მაღალი ჰქონდა – 23.

რაც შეეხება შერმადინს, რომელსაც სხვათა შორის, დღეს დაბადების დღე აქვს (გიორგის 28 წეილი შეუსრულდა) – ქართველმა ცენტრმა 19:45 წუთი ითამაშა და ამ დროში 14 ქულისა და მოხსნის დაგროვება მოახერხა. შერმადინმა ორი საჯარიმო უშეცდომოდ ისროლა, ხოლო ათიდან მხოლოდ 6 ორქულიანი ჩააგდო. საერთოდ, შერმადინისგან მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე თამაშს დავეჩვიეთ და ამიტომ, დღევანდელი მონაგარი შთამბეჭდავად სულაც არ გამოიყურება.

აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას თვის MVP-დ ზედიზედ ორჯერ დასახელდა – თებერვლისა და მარტის თვეებში.

“ანდორას” 25 მატჩში 13 მოგება და 12 წაგება აქვს განცდილი და მერვე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105065