ესპანური “სევილიას” სპორტული დირექტორი რამონ როდრიგეს ვერდეხო (იგივე მონჩი) თანამდებობიდან გადადგა. მხარეებს შორის თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა. ცნობაში აღნიშნულია, რომ მონჩი “სევილიას” პრეზიდენტ ხოსე კასტროსთან ერთად დღეს პრესკონფერენციას გამართავს და ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ვრცლად ისაუბრებს.
დიდი ალბათობით, ესპანური კლუბიდან მონჩის წასვლა ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება, რომლის თანახმად, 48 წლის საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიურ “რომაში” აპირებს დასაქმებას.
მონჩის მთელი საფეხბურთო მოღვაწეობა “სევილიას” უკავშირდება. ის ანდალუზიელთა საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, 1988-1990 წლებში “სევილია B”-ს მეკარე იყო, 1990-1999 წლებში კი მთავარი გუნდის კარი 85 შეხვედრაში დაუცავს. კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე 2000 წლიდან მუშაობდა.