საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები 3-10 აპრილს ხორვატიის ქალაქ სპლიტში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. გუნდმა მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ტურნირისთვის მზადება ბაკურიანში და დუშეთში გაიარა, ხვალ კი ქართველი ძალოსნები ხორვატიაში გაემგზავრებიან. ნაკრების თავკაცი შეგირდების მომზადებით კმაყოფილია და სჯერა, რომ უმაღლესი შედეგებისთვის იბრძოლებენ.
საქართველოს 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახურთან ისაუბრა.
გიორგი ასანიძე: "ნაკრები იანვრიდან, მწვრთნელების მიერ შემუშავებული გეგმით ემზადება. შეკრება დაიწყო ბაკურიანით და უკვე ამის შემდეგ, გადმოვედით დუშეთში. რამდენიმე დღეში მივდივართ ევროპის ჩემპიონატზე და პარალელურად, კადეტები მიდიან მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს არის 2018 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო გათამაშება. ნაკრები კარგ ფორმაშია. ლაშა ტალახაძეს ჰქონდა პატარა ტრავმა, მაგრამ ახლა თავკს კარგად გრძნობს და მჯერა, რომ ტურნირისთვის ის კარგ ფორმაში იქნება. მძიმე წონაში იქნება ჩვენი კაპიტანი, გამოცდილი ირაკლი თურმანიძეც. რა თქმა უნდა, იქნება ბრძოლა ჩემპიონობისთვის ლაშასგან და იქნება ბრძოლა მედლისთვის ირაკლის მხრიდან".
- ნაკრებში ორი ახალგაზრდაცაა.
- ევროპაზე მიდიან შამილიშვილი და ლომთაძეც. ჩვენს ნაკრებში ყოველთვის ვაძლევთ თავის გამოჩენის შანსს ახალგაზრდებს. ბევრი მიზეზის გამო, ამ ეტაპზე ტურნირზე მოკრძალებული შემადგენლობით მივდივართ. მსოფლიოზე უკვე სულ სხვა შემადგენლობით ვიქნებით. მზადებით, მაინც კმაყოფილი ვარ. არის რაღაც პრობლემები, მაგრამ ეს მოგვარებადია.
- რას ელოდება მთავარი მწვრთნელი ევროპის ჩემპიონატზე?
- მოლოდინი ლოგიკურია. რაც უნდა იყოს. გულშემატკივარი ჩვენგან უკვე მაქსიმუმს ითხოვს, ეს კარგია. და ეს სპორტია, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
- მთავარი კონკურენტები?
- მძიმე წონაში ორივე სომეხი სპორტსმენი გამოდის და ისინი დიდ ძალას წარმოადგენენ. ბრუნდება ორწლიანი არყოფნის შემდეგ რუსი ალიბეგოვი და ისიც სოლიდური სპორტსმენია. მაგრამ ყველა კონკურენტის პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ გვჯერა საკუთარი ძალის და ვეცდებით, ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებით დავბრუნდეთ.