კალათბურთი

19:37 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

არ სჭირდება, მაგრამ მაინც იგებს

სუპერლიგის მიმდინარე ტურის მეორე შეხვედრაში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული „დინამო“ პირველ ოთხეულში მოხვედრისათვის მებრძოლ „სოხუმს“ შეხვდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ „დინამომ“ რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი მეორე წრის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ოფიციალურად გაიფორმა, პლეი ოფის დაწყებამდე მას გამარჯვება არაფერში სჭირდება. რაც შეეხება „სოხუმს“, ზღვისპირელებს მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი აქვთ, მაგრამ თუ ასე გააგრძელეს და გამარჯვება ვეღარ მოიპოვეს, პლეი ოფზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შეიძლება სუპერლიგაში დარჩენაც კი სანატრელი გაუხდეთ.

ერთი სიტყვით ამ შეხვედრაში „სოხუმს“ გამარჯვება უფრო სჭირდებოდა, მაგრამ შეხვედრა დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და მთელი შეხვედრის განმავლობაში ასე გრძელდებოდა. ამ მატჩის ბედი პირველ ტაიმშივე გადაწყდა, რომელიც „დინამომ“ 28 ქულის სხვაობით 58:30 მოიგო. მეორე ტაიმში ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა კიდევ უფრო გაზარდეს ანგარიშში სხვაობა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 95:52 დაამარცხეს.

ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი „დინამოს“ ფორვარდმა მიხეილ ბერიშვილმა აჩვენა, რომელმაც 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ბერიშვილს „დინამოს“ კაპიტანი, ცენტრალური თავდამსხმელი ილია ლონდარიძე ერთი ქულით ჩამორჩა. სოხუმელთა შორის ყველაზე კარგი შედეგი უკრაინელმა ლეგიონერმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა ალექსანდრე ტიშენკომ აჩვენა, რომელმაც 13 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

ამ ტურის დარჩენილი შეხვედრები 31 მარტს ჩატარდება. „ქუთაისი“„რუსთავს“, ხოლო „ბათუმი“„კაკტუს“ უმასპინძლებს.

დინამო - სოხუმი 95:52 (29:13, 29:17, 24:12, 13:10)

0.123497