ფეხბურთი

10:00 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

შეფასებები: ლიდერი ჯანო და არაბიძის ფურორი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარუმატებელი და მოუგებელი სერია შეწყვიტა და ლატვია ამხანაგურ მატჩში არამეგობრული ანგარიშით, 5:0 დაამარცხა (VIDEO). „ჯვაროსნებმა“ მთელი თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარეს. მეტიც, კარგა ხანია ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს ასეთი გამართული ფეხბურთი არ უჩვენებია.

WORLDSPORT.GE ტრადიციულად გთავაზობთ მატჩში მონაწილე ფეხბურთელთა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას:

გიორგი მაკარიძე 6 - ხანგრძლივი პაუზის მერე გიორგი მაკარიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა. მისი თამაშის შეფასება რთულია, რადგან 26 წლის კიპერს საქმე მთელი თამაში არ ჰქონია თუ არ გავითვალისწინებთ, სტანდარტების დროს გამოსვლაზე გარჯას.

უჩა ლობჟანიძე 6 - იქედან გამომდინარე, რომ ლატვიის ნაკრებს შეტევაში არაფერი შეუქმნია, არც ლობჟანიძეც ჰქონია ბევრი საქმე. უჩას შეტევაში ჩართვაც არ უწევდა. მთლიანობაში მატჩის სურათი არ გაუფუჭებია.

გურამ კაშია 6 - გურამ კაშია გუნდს წარუძღვა და ლატვიელ შემტევებს გასაქანი არ მისცა. რამდენჯერმე დასწრებაზე ჩინებულად გაისარჯა.

დავით ხოჭოლავა 6 - ახალგაზრდა ფეხბურთელმა თბილისში, პირველად ითამაშა ეროვნული ნაკრების რიგებში. პირველ ტაიმში ცოტა ნერვიულობა ეტყობოდა და ერთი-ორჯერ ცუდი პასიც გააკეთა. მეორე ნახევარი უფრო დამაჯერებლად ჩაატარა. მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი სახით გვყავს ფეხბურთელი, რომლის იმედიც შეიძლება ვიქონიოთ.

გიორგი ნავალოვსკი 6 - ნავალოვსკიმ 77 წუთი ითამაშა და შეტევაში ჩართვასაც არ ერიდებოდა. როგორც პირველ, ისე მეორე ტაიმში.

ჯაბა ჯიღაური 6 - შემტევი ფეხბურთელებიდან ყველაზე შეუმჩნეველი ფიგურა გახლდათ. პირველად ლატვიელთა კარისკენ სწორედ ჯაბამ დაარტყა ხელსაყრელი პოზიციიდან, თუმცა არაზუსტად.

ჯანო ანანიძე 8 - ჯანოს ჩინებული შეხვედრა ჰქონა. „სპარტაკის“ ნახევარმცველმა დუბლი გაიფორმა და საგოლე პასიც გააკეთა. გარდა ამისა, როდესაც ბურთი მას ჰქონდა, მშვიდად ვიყავით და სახიფათო იერიშის წარმართვა თითქმის გარანტირებული იყო. გამოსარჩევია მეორე გოლი, რომელიც ძალზე ლამაზი გამოდგა და რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა სექტემბერში, ავსტრიის ნაკრებთან გატანილ გოლს.

ნიკა კვეკვესკირი 7.5 - ვლადიმირ ვაისს ამიერიდან შეუძლია მშვიდად იყოს და ნიკას მუდმივად დაეყრდნოს. მისი პროგრესი თვალსაჩინოა და იმედია ასეც გააგრძელებს. კვეკვესკირი ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი გახლდათ და რაც უნდოდა, იმას აკეთებდა.

ვაკო გვილია 6 - გვილიას ცუდი დღე ჰქონდა - ცუდად არ უთამაშია, მაგრამ პირველი ტაიმის შუაწელს მეტოქესთან შეჯახებისას დაშავდა და თამაში ვერ გააგრძელა. იმ დროში კი, რაც მნდორზე გაატარა, ცუდად არ გარჯილა.

გიორგი ქვილითაია 8 - სადებიუტო გოლი, სადებიუტო დუბლი - ასეთია ქვილითაიას მონაგარი. „რაპიდის“ შემტევი კარგ ფორმაში რომ გახლავთ, დადასტურდა. გიორგი უბრალოდ შეუდარებელი იყო მეორე სართულზე და სტანდარტული სიტუაციების დროს. დუბლის გარდა, პენლატიც მოიპოვა. სხვათა შორის, ცოტა მეტი რომ გამართლებოდა, შეიძლება, ჰეთ-თრიქიც გაეფორმებინა.

ვლადიმერ დვალიშვილი 6 - დვალიშვილის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა მოულოდნელი იყო. გამოცდილმა თავდამსხმელმა მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშა და ბევრი არაფერი შეუქმნია, მაგრამ არც მოედანზე ყოფილა ჩაკარგული.

ჯემალ ტაბიძე შ.გ - ნიჭიერ მცველს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. ტაბიძემ მხოლოდ 13 წუთი ითამაშა და შესაბამისად, შეფასების გაკეთება რთულია.

გიორგი არაბიძე 7.5 - მეორე მატჩი ნაკრებში და დიდებული შეხვედრა. გიორგიმ 30 წუთში იმდენი შეძლო, რომ „დინამო არენაზე“ მისული გულშემატკივარი აღაფრთოვანა. ბალტიისპირელ მცველებს ისე ატყუებდა, როგორც ბავშვებს. გარდა ამისა, ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, მერე თავისივე მოპოვებული ჯარიმა გარდასახა გოლად - ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი...

ვაკო ყაზაიშვილი შ.გ - ვაკოს შეცვლაზე მოუწია თამაში და ისიც მცირე დროით.

ოთარ კიტეიშვილი 6.5 - კიტეიშვილი თამაშში ტრავმირებული გვილიას ნაცვლად ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ჩაერთო. „დინამოს“ ლიდერმა ურიგო შთაბეჭდილება სულაც არ დატოვა და რამდენჯერმე ლამაზად და სანახაობრივადაც გაისარჯა.

ნიკა კაჭარავა შ.გ - სერბეთის ნაკრების კარში გატანილი გოლის ავტორმა ამჯერად მხოლოდ 13 წუთი ითამაშა და თავის გამოსაჩენად ეს საკმარისი დრო არ ყოფილა.

სანდრო კობახიძე შ.გ - სანდრო კობახიძე ეროვნულ ნაკრებში თითქმის ყოველთვისაა მიწვეული, მაგრამ თამაში იშვიათად უწევს. ამჯერადაც სანდროს ბევრი დრო არ დასთმობია. ერთხელ სახიფათოდ ჩააწოდა და არაბიძეს ცოტა დააკლდა გოლის გატანამდე.

ვლადიმირ ვაისი 7 - სლოვაკი სპეციალისტის ხელძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა თბილისში პირველად მოიგო. ვაისის ხელში ნაკრების თამაში საკუთარ ხელწერას იღებს და ამის არდანახვა შეუძლებელია. მან თავის გამოჩენის შანსი რამდენიმე ფეხბურთელს მისცა და მათ შორის ახალგაზრდებს. ესეც აღსანიშნავი და კარგი საქმეა. შეიძლება ითქვას, ეს საუკეთესო მატჩი იყო ვაისისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

0.113877