საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტის თქმით, იგი მოხარულია ამ გამარჯვებით, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ლატვიის ნაკრები სიძლიერის საზომად არ გამოდგება.
ვაისმა ცალკე გამოყო რამდენიმე ფეხბურთელის თამაში - ჯანო ანანიძის, გიორგი ქვილითაიასა და ახალწვეულების. განსაკუთრებით, გიორგი არაბიძის.
„მოხარული ვარ, რომ დიდი ხნის შემდეგ შევძელით გამარჯვება, თანაც დიდი ანგარიშით. მართალია, ამხანაგური თამაში იყო, მაგრამ მაინც სასიამოვნოა. სამწუხაროა, რომ სერბეთთან ვერ მოვიგეთ და კრიტიკაც დამსახურებული გახლდათ. დღევანდელ თამაშში კი, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
სხვადასხვა სცენარია ოფიციალურ და ამხანაგურ მატჩებში. პირველ რიგში გამოსარჩევია მეტოქის ხარისხი. პატივს ვცემ ლატვიის ნაკრებს, მაგრამ ეს არაა სერბეთის, ირლანდიის ან უელსის ნაკრები. ფეხბურთელებმა მოახერხეს და კონცენტრაცია შეინარჩუნეს მთელი თამაში. გამოვყოფდი ანანიძეს, ქვილითაიასა და არაბიძეს, რომელმაც ნაკრებში მეორე მატჩი ჩაატარა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმუმი ვაჩვენოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მოხარული ვარ, რომ დღეს ყველაფერი გამოგვივიდა.
რაც შეეხება ლორიას, კვირკველიასა და კანკავას - ისინი რომც ყოფილიყვნენ გუნდთან ერთად დღეს, ისინი მაინც არ ითამაშებდნენ, რადგან სხვა ფეხბურთელების გამოცდა მსურდა. ამას გარდა, კლუბებმაც მთხოვეს მათი გათავისუფლება. დღეს, განსაკუთრებით გიორგი მაკარიძისთვის მინდოდა შანსის მიცემა და მან ძალიან კარგად ითამაშა.
ვფიქრობ, რომ ახალწვეულებმა კარგად ითამაშეს - მაკარიძემ, კიტეიშვილმა, არაბიძემ, ქვილითაიამ. საერთოდ, როცა თამაში კარგად მიგდის, ბევრად ადვილია შესაძლებლობების წარმოჩენა. თუმცა, არ ვთვლი, რომ ოფიციალურ თამაშებში სერიოზული ცვლილებების საბაბი მაქვს. რაც შეეხება ყაზაიშვილს - ფსიქოლოგიურად დიდი დარტყმა იყო მისთვის სერბეთთან მატჩი და მას გვერდში დგომა სჭირდება და მიიღებს კიდეც ამას ჩვენგან. საქართველოს ნაკრებსაც ნამდვილად სჭირდება ყაზაიშვილი. ივნისში დიდი ალბათობით ოქრიაშვილი და ჭანტურია ისევ ვერ ითამაშებენ და ამიტომ, მომიწევს იძულებითი ცვლილების გაკეთება, თუმცა განსაკუთრებულის მიზეზს ვერ ვხედავ.
თვალს ვადევნებ გიორგი მერებაშვილსაც და სხვა ფეხბურთელებსაც - არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგში შანსი სხვა ფეხბურთელებსაც მიეცეთ, რადგან ეს ეროვნული ნაკრებია“, - განაცხადა ვაისმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიას ამხანაგურ მატჩში 5:0 აჯობა. მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 11 ივნისს, მოლდოვის ნაკრებთან სტუმრად ჩაატარებენ.