საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა, რომელშიც "საბურთალოს" ფეხბურთელები მრავლად თამაშობენ, რამდენიმე დღის განმავლობაში ამხანაგური მატჩები გამართეს. დღეიდან კი ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან და უკვე ჩემპიონატის შეხვედრებისთვის დაიწყებენ მზადებას.
"საბურთალოს" პრესსამსახური მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს სწორედ ასაკობრივი ნაკრებების მატჩებსა და ეროვნული ლიგის განვლილ შეხვედრებზე ესაუბრა:
- ბატონო გიორგი, 21-წლამდელთა ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა ისლანდიელ თანატოლებთან გამართა. ორივე მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. საბურთალოელების გარჯით რამდენად კმაყოფილი ხართ?
- ძალიან კარგი ამხანაგური მატჩები გამოდგა, რაც ვფიქრობ, როგორც ნაკრებს, ასევე ფეხბურთელებს მომავალში აუცილებლად წაადგებათ. სასიამოვნოა, რომ პირველ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა გამარჯვებას მიაღწია. რაც შეეხება მეორე მატჩს - ვაგებდით, თუმცა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და თამაში გადაარჩინეს. ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს ახალგაზრდებმა, რაც საბოლოოდ დაუფასდათ. აღნიშნულ ნაკრებში ძირითადი ბირთვი "საბურთალოდანაა". ამ მატჩებისთვის ჩვენი კლუბიდან 8 ფეხბურთელი იყო გამოძახებული. მახარებს და მეამაყება, რომ არამხოლოდ 21-წლამდელთა ნაკრებში, არამედ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში "საბურთალოს" ფეხბურთელები მრავლად არიან წარმოდგენილნი. მთლიანობაში ჩვენმა ფეხბურთელებმა კარგად წარმოაჩინეს თავი. ორი გოლიც საბურთალოელებმა გაიტანეს - ბიძინაშვილმა და იმნაძემ.
- 19-წლამდელებმაც ითამაშეს ამხანაგური მატჩები რუს თანატოლებთან. ამ ნაკრებშიც ხუთი ფეხბურთელი "საბურთალოდანაა"...
- როდესაც სანაკრებო პაუზაა, ჩვენი კლუბი ფაქტობრივად ფეხბურთელების გარეშე რჩება, რადგან ზოგი 21-წლამდელთა ნაკრებში მიდის, ზოგიც 19 და 17 წლამდელთა ნაკრებებში არიან გამოძახებულნი. 19-წლამდელებმა ორივე შეხვედრაში აჯობეს რუს თანატოლებს. მართალია, ამხანაგური მატჩებია, მაგრამ გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა. სასიამოვნოა, რომ ამ შეხვედრებშიც გამოიჩინეს თავი საბურთალოელებმა, თუმცა მათ უფრო მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში.
- ნაკრებზე ვსაუბრობთ და თქვენი შეფასება საინტერესოა საქართველოსა და სერბეთის ნაკრებების მატჩზე. ქართველმა ფეხბურთელებმა განსხვავებული ტაიმები ითამაშეს. რა იყო მარცხის მიზეზი?
- ჩვენმა ნაკრებმა პირველი ნახევარი მაღალ დონეზე ითამაშა, მეტოქეს მრავლად შეუქმნა პრობლემები. დაწინაურების შემდეგ, ანგარიშის გაზრდაც შეგვეძლო, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მსგავსი შესაძლებლობები, რადგან მეტოქე საბოლოოდ გატეხო. მოხდა ის, რომ მეორე ნახევარი ჩავაგდეთ და ისეთმა გამოცდილმა ნაკრებმა, როგორიც სერბეთია, არ გვაპატია. თუმცა, დავრწმუნდით, რომ საქართველოს ნაკრებს ტოლ-სწორად თამაში ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეუძლია.
- რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ისე მოხდა, რომ ეროვნული ნაკრების ოფიციალური მატჩის განაცხადში კიდევ ერთი "საბურთალოს" სკოლის აღზრდილი, ამჯერად ჯიმი ტაბიძე მოხვდა. ვაკო ყაზაიშვილის, გიორგი ჭანტურიასა და ლაშა დვალის შემდეგ, ტაბიძე მეოთხე საბურთალოელია, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისური მოირგო. ელოდით ტაბიძის გამოძახებას?
- ისეთმა პატარა კლუბმა, როგორიც "საბურთალოა", ეროვნულ ნაკრებს უკვე მიაწოდა 4 ფეხბურთელი, რაც ნამდვილად არ არის პატარა ამბავი. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ეს ციფრი მალე კიდევ უფრო გაიზრდება. ამის იმედს მაძლევს ის, რომ "საბურთალოს" ფეხბურთელები 21-წლამდელთა ნაკრებში მრავლად თამაშობენ. ახალგაზრდულიდან ეროვნულ ნაკრებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, მაგრამ ქვეყნის მთავარ ნაკრებში რომ მოხვდე, უნდა დაიმსახურო. რაც შეეხება ტაბიძეს - ჯიმი კარგ ფეხბურთელად ყალიბდება და კიდევ უფრო მოუმატებს. მთავარია, სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და სტაბილურად ითამაშოს თავისი კლუბის შემადგენლობაში.
- საკლუბო თემებზე გადავერთოთ - "საბურთალომ" ბოლო ტურში თანაქალაქელ "ლოკომოტივთან" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და გაიუმჯობესა, როგორც ხასიათი, ასევე სატურნირო მდგომარეობა. რის ხარჯზე შეძლო წარმატების მიღწევა, მით უფრო მაშინ, როდესაც კლუბი მდევრის როლში იყო...
- ფეხბურთელებში ვხედავ ძალიან დიდ პროგრესს. გასულ წელთან შედარებით, "საბურთალო" უკეთეს ფეხბურთს თამაშობს. "ლოკომოტივთან" მატჩი ჩვენთვის ცუდად დაიწყო, მაგრამ თამაში 90 წუთი გრძელდება. ჩანს, რომ ბოლომდე შეგვიძლია ბრძოლა, ფეხბურთელები იხარჯებიან და თავს არ ზოგავენ. ჩვენი კლუბი იზრდება ეტაპობრივად, ვაყალიბებთ ძლიერ და ანგარიშგასაწევ კლუბს. "საბურთალოს" შეუძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. ამისთვის მე, სამწვრთნელო შტაბი და კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს ვაკეთებთ.
- ქობულეთში "საბურთალო" "კოლხეთთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა. რა იყო ამის მიზეზი?
- ქობულეთში საკადრო პრობლემები შეგვექმნა, რის გამოც ვერ მოვახერხეთ იმ თამაშის ჩვენება, რასაც ჩვენი გუნდი თამაშობს. იმ მატჩში რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო მოვისაკლისეთ, შემდეგ კი ტაიმის მიწურულს 10 კაცით დავრჩით.
- 3 თამაშში 6 ქულა. სტარტი როგორი გამოუვიდა თბილისურ კლუბს?
- საწყისი მატჩები დადებითად შეიძლება შევაფასოთ, მაგრამ მთავარია, როდესაც 36 შეხვედრას ჩავატარებთ, როგორი შედეგი გვექნება. თამაშის ხარისხს ეტაპობრივად გავაუმჯობესებთ და "საბურთალო" აჩვენებს იმ თამაშს, რაც ჩვენ გვახასიათებს - ბურთის კონტროლი, სწრაფი შეტევა და სანახაობრივი ფეხბურთი.
- ეროვნული ლიგის გათამაშებაში, რომელშიც ჯერ მხოლოდ მესამე ტურის მატჩები შედგა, რა არის პოზიტიური?
- დადებითია ის, რომ პირველობაზე 10 კლუბი თამაშობს და ძალები მეტ-ნაკლებად თანაბარია. იოლი მატჩები არსად არ გელის, ყველგან დაძაბული ორთაბრძოლებია. თითოეულ მოპოვებულ გამარჯვებასა თუ ქულას, ოქროს ფასი დაედო. სამ ქულას ვერსად დაგეგმავ, ვერც საკუთარ მოედანზე და ვერც საგარეო შეხვედრაში. კარგია ასევე ის, რომ ფაქტობრივად ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი გადაიცემა. ვფიქრობ, ეს ფაქტორები საბოლოოდ ჩემპიონატის ზრდასა და წინსვლას შეუწყობს ხელს.
"საბურთალოს" პრესსამსახური