მელბურნში სტარტი აიღო ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატმა, რომლის პირველ ეტაპზეც, გამარჯვება „ფერარიმ“ და მისმა პილოტმა, სებასტიან ფეტელმა მოიპოვეს. ამით გაჩნდა იმის იმედი, რომ ახალი სეზონი კვლავ „მერსედესის“ დომინაციით არ ჩაივლის, რომლებსაც ბოლო სამ სეზონში კონკურენციას ვერავინ უწევდა.
მართალია, ფეტელმა „მერსედესის“ ტაქტიკური შეცდომით ისარგებლა, მაგრამ ფაქტია, რომ სანამ ლუის ჰამილტონი პიტ სტოპს შეასრულებდა, გერმანელი პილოტი მის ტემპში ასპარეზობდა და დასაწინაურებლად ხელსაყრელ მომენტს ელოდა. ჰამილტონს ბოქსებში მე-18 წრეზე უხმეს, ფეტელმა კი თავისი პიტ სტოპი ხუთი წრით გვიან შეასრულა, რის შემდეგაც, ტრასაზე ჰამილტონის და მის წინ მყოფი მაქს ფერსტაპენის წინ გამოვიდა.
უნდა ითქვას, რომ პიტ სტროპზე შესვლამდე, ჰამილტონს გუნდმა ტემპის გაზრდა ურჩია, რათა პიტ სტოპის შემდეგ, ხელსაყრელ პოზიციაში ყოფილიყო. მაგრამ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ეს ვერ შეძლო და როცა ტრასაზე დაბრუნდა, ფერსტაპენის უკან აღმოჩნდა. ჰოლანდიელის ტემპი ფეტელისაზე ნელი იყო, მაგრამ ჰამილტონმა მისი გასწრება მაინც ვერ მოახერხა. სწორედ ეს გარემოება გახდა გადამწყვეტი და ამან ფეტელს ის უპირატესობა მიანიჭა, რომელმაც პიტ სტოპის შემდეგ ჰამილტონზე წინ დატოვა.
სწორედ ეს იყო რბოლის გადამწყვეტი მომენტი, რომელმაც კვარცხლბეკზე პილოტების განლაგება განსაზღვრა. ფეტელმა თავის კარიერაში 43-ე რბოლა მოიგო და სათავეში მოექცა კლასიფიკაციას. ეს მისთვის „ფერარის“ ბოლიდით მოპოვებული მეოთხე გამარჯვებაა. მარანელოელებმა კი სინგაპურის 2015 წლის დიდი პრიზის შემდეგ, პირველი გამარჯვება იზეიმეს.
„ჯერ ყველაფერი წინაა, მაგრამ ახლა მეცხრე ცაზე ვარ. ეს დიდებული რბოლა იყო, ძალიან ნასიამოვნები ვარ“, - თავის ყოფილ თანაგუნდელ მარკ ვებერთან კვარცხლბეკის ინტერვიუსას განაცხადა გამარჯვებულმა, ვინც რბოლა მეორე პოზიციიდან დაიწყო.
სეზონის დასაწყისს უინციდენტოდ არ ჩაუვლია. სტარტზე დასადგომად გამოსულ დანიელ რიკიარდოს გზაზე გადაცემათა კოლოფი დაუზიანდა. გუნდმა სასწრაფოდ შეიყვანა მანქანა გარაჟში და კოლოფიც გამოუცვალა. მაგრამ ავსტრალიელი ტრასაზე მას შემდეგღა გამოვიდა, როცა რბოლა ორი წრის დაწყებული იყო. მოგვიანებით, ის მაინც გაჩერდა და მიზეზი ისევ ტრანსმისია გახდა.
სტარტზეც ინციდენტი მოხდა - რიკიარდოს ადგილი ნიკო ჰულკენბერგმა დაიკავა, რის გამოც, მსაჯებმა პელოტონი მეორედ გაიყვანეს გასახურებელ წრეზე. სტარტიდან რამდნმე წრეში, ძრავი დაუზიანდა რომენ გროჟანს, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა კვალიფიკაციაზე.
სხვათა შორის, „სკაი სპორტსის“ წამყვანმა, წარსულში თავადაც ფ1-ის პილოტმა მარტინ ბრანდლმა რბოლის რეპორტაჟისას განაცხადა, რომ ახალი აეროდინამიკის და განიერი საბურავების გამო, ძრავს წრეზე 10 პროცენტით მეტად უწევს მაქსიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც მის რესურსზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ, ამ სეზონში ალბათ ხშირად ვიქნებით ძრავების დაზიანების მომსწრე.
მელბურნის რბოლა შვიდმა პილოტმ ვერ დაასრულა. მათგან ბოლოს ფერნანდო ალონსო გაჩერდა, რომელსაც საკიდარი დაუზიანდა. უნდა იტქვას, რომ სუსტი ძრავის მიუხედავად, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მანქანის დაზიანებამდე ათეულში იყო და ქულასაც აიღებდა, მაგრამ მასაც ისევე არ გაუმართლა, როგორც მის წინ მყოფ გროჟანს და რიკიარდოს.
ავსტრალიის დიდი პრიზი
ალბერტ პარკიპარკი (მელბურნი), დისტანცია 307.574 კმ (58 წრე, 5.303 კმ)
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:24:11.670
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +00:09.975
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 00:11.250
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:22.393
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 00:28.827
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 01:23.386
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
- დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1 წრე
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
- ანტონიო ჯოვანაცი (იტალია, ზაუბერი) 2 წრე
- სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 2 წრე
14გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 6 წრე
გ. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 10 წრე
გ. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 16 წრე
გ. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 31 წრე
გ. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 36 წრე
გ. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 41 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 44 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: კიმი რაიკონენი - 1:26.538, 56-ე წრე
პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 25 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 18; 3. ვალტერი ბოტასი - 15; 4. კიმი რაიკონენი - 12; 5. მაქს ფერსტაპენი - 10; 6. ფელიპე მასა - 8; 7. სერხიო პერესი - 6; 8. კარლოს საინსი - 4; 9. დანილ კვიატი - 2; ესტებან ოკონი - 1
კონსტრუქტორთა თასი
1. ფერარი - 37 ქულა; 2. მერსედესი - 33; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 10; 4. უილიამს-მერსედესი - 8; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 7; 6. ტორო როსო-რენო - 6







