მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარცევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეხუთე ტურის მატჩში სერბეთთან საკუთარ მოედანზე წააგო. ეს ვლადიმირ ვაისის გუნდის მესამე მარცხია ორი ფრის წილ - შესაბამისად, მხოლოდ მოლდოვის ნაკრებს ვჯაბნით.
სერბეთთან მატჩის ანალიზზე შემდეგშიც დავწერთ, მაგრამ მანამდე WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ, ფეხბურთელთა შეფასებებს.
გიორგი ლორია 5 - საქართველოს ნაკრებმა სამი გოლი გაუშვა და ძნელია მასში ლორიას ბრალეულობის დანახვა, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით: სერბეთის ნაკრებმა კარში სამჯერ დაარტყა და სამჯერვე გაიტანა. კარში კი, მეკარე იმიტომ დგას, რომ საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნას. გიორგიმ ეს გუშინდელ მატჩში ვერ შეძლო...
ოთარ კაკაბაძე 4.5 - გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ მაინც: მარჯვენა მცველის საკითხი ნაკრებში ისევ პრობლემურია. „ესბიერგის“ მცველმა თამაში მთლიანად ჩააგდო და ბევრი წუნი ჰქონდა. ტაიმის ბოლოს ფილიპ კოსტიჩი არაფრისმთქმელ სიტუაციაში საჯარიმოში წააქცია და ამ ეპიზოდმა მთლიანად შეცვალა თამაშის სურათი. ჯაბა კანკავამ ყვითელი ბარათიც მას შემდგომ მიიღო, რაც მოედნის ცენტრში კაკაბაძემ ცუდი პასი გააკეთა და სერბთა სახიფათო იერიშს დაუდო სათავე.
გურამ კაშია 6 - კაშია ჩვეულად გაისარჯა: ბევრი იბრძოლა, არაფერი დაუთმო მეტოქე გუნდის შემტევებს. გაშვებულ გოლებშიც მისი დანაშაული მცირეა. მხოლოდ მესამე გოლზე შეიძლება გქვონდეს მასთან პრეტენზია, როდესაც გაჩინოვიჩს სისწრაფეში აშკარად ჩამორჩა.
სოლომონ კვირკველია 5.5 - პირველი ტაიმში კვირკველიამ ჩინებულად ჩაატარა და ერთ ეპიზოდში კარში მიმავალ ბურთს ფარივით აღუდგა წინ. თუმცა, მეორე ნახევარი სრულად ჩააგდო. ალექსანდრ მიტროვიჩს ხელი ვერაფრით შეუშალა მეორე გოლის დროს, ხოლო მესამე გოლის ეპიზოდში უკვე დუშან ტადიჩთან იყო სტატისტის როლში.
გიორგი ნავალოვსკი 5.5 - მარჯვენა მცველისა არ იყოს, სახარბიელოდ საქმე არც საპირისპირო ფლანგზეა. მართალია გიორგის გაშვებულ გოლებში დიდი დანაშაული არ მიუძღვის, მაგრამ განაპირა მცველებს მხოლოდ დაცვაში თამაში არ მოეთხოვებათ - ნავალოვსკის კი, რამდენჯერმე შეეძლო შეტევაში უკეთ თამაში, მაგრამ ყველა ეპიზოდში გაუგებარი გადაცემა გააკეთა ან საერთოდ ვერ გააკეთა...
ვაკო გვილია 5.5 - მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში ისეთი შთამბეჭდავი გახლდათ, ეჭვი მაქვს მოლოდინი მომავალშიც მუდამ ასეთი თამაში იქნება, მაგრამ... გვილიასთვის არ ყოფილა საუკეთესო შეხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს სცდილობდა და რამდენჯერმე ძალზე ეფექტურად ითამაშა. მიტროვიჩის გოლის ეპიზოდი სწორედ მის მიერ წაგებული ორთაბრძოლით დაიწყო.
ნიკა კვეკვესკირი 6 - გუნდის დირიჟორობა მას ევალებოდა და რიგ ეპიზოდებში ეს შესანიშნავად გამოსდიოდა. მეტიც, პირველ ტაიმში ძალზე მაღალ დონეზე გაისარჯა. გვახსენდება ეპიზოდი, როდესაც ვაკო ყაზაიშვილი დიდოსტატური გადაცემით მეკარეს შეატოვა, მაგრამ „ლეგიას“ შემტევმა მეკარეს ვერ აჯობა და გარჯა წყალში ჩაუყარა.
კაბა კანკავა 5.5 - კაპიტანმა შეიძლება ითქვას, ვერ იკაპიტნა. კანკავას საუკეთესო თამაში არ იყო. მეორე ტაიმში შორიდან დაარტყა, მაგრამ სტოიკოვიჩმა აუღო. საერთოდ, გამოჩნდა, რომ ჯაბა საუკეთესო ფორმაში არაა. ისიც ვთქვათ, რომ ნიკა კაჭარავას გოლში ჯაბას წვლილიცაა: პრესინგში აქტიური მონაწილეობა მიიღო და ალექსანდრ კოლაროვც შეცდომის დაშვება აიძულა.
ვაკო ყაზაიშვილი 4.5 - შეხვედრის ერთ-ერთი ანტიგმირი - ნებსით თუ უნებლიედ, ასეა. ვაკოს პირველ ტაიმში, როდესაც 1:0 იყო ანგარიში, ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა. განსაკუთრებით დასანანი მეორე ეპიზოდია, როცა ჯანო ანანიძე ეხსნებოდა ცარიელ კართან, თუმცა დაარტყა და ვერ შეაგდო. ამ ეპიზოდმა დიდი გავლენა მოახდინა შემდგომ სურათზე. საერთოდ, ყაზაიშვილს რიგ ეპიზოდებში ბურთთან განშორება ძალიან უჭირდა, ძალიან. და ბოლოს, ყაზაიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ ანტიგმირობა გამოუვიდა...
ნიკა კაჭარავა 6.5 - საქართველოს ნაკრებში იგი საუკეთესო იყო. სხვა თუ არაფერი, ერთადერთი გოლი მის ანგარიშზეა. მართალია ეს არ ყოფილა ჩვენი შექმნილი ეპიზოდი, მაგრამ პრესინგს მოჰყვა ის შეცდომა, ხოლო უკვე თავად დამაგვირგვინებელ ფაზაში ნიკამ ცივსისხლიანად ითამაშა. ბევრი მის ადგილზე მეკარის მოტყუებას დააპირებდა, მაგრამ კაჭარავამ გააკეთა ის, რაც საჭირო იყო - ერთი შეხებით ითამაშა. გარდა ამისა, პირველ ტაიმში ყაზაიშვილი მეკარეს შეატოვა, როცა სერბთან მთელი დაცვის ხაზი ბრწყინვალე პასით უსაქმოდ დატოვა. ამ მომენტებს თავი რომ დავანებოთ, ისედაც კარგად ირჯებოდა. ერთადერთი რაშიც დიდად ვერ ივარგა, მეორე სართულზე თამაში იყო. ბრანისლავ ივანოვიჩთან თავზე თამაში ძალიან გაუჭირდა.
ჯანო ანანიძე 5.5 - ჯანომ თორნიკე ოქრიაშვილის არყოფნაში ლიდერის ფუნქცია ვერ იტვირთა. ხშირ მომენტებში ჩაკარგული და მატჩის სურათიდან მოავარდნილი გახლდათ. მეორე ტაიმის დასაწყისში გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ სტოიკოვიჩმა შორიდან გატანა არ დაანება. აი, ყაზაიშვილს, რომ იმ ეპიზოდში ანანიძე დაენახა, მაშინ კი, ნამდვილად შეძლებდა მეტოქის კარის აღებას...
გიორგი არაბიძე შ.გ - გიორგი არაბიძეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა - ახალგაზრდა შემტევს თამაში 20 წუთი მოუწია და მაშინ ჩაერთო, როცა საქართველოს ნაკრებს თამაში დაკარგული ჰქონდა. ამიტომაც, ცოტა გაუჭირდა და დიდად დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია, ერთ-ორ ფინტსა და გრძელ პასს თუ არ ჩავთვლით.
გიორგი ქვილითაია შ.გ - ქვილითაიას მხოლოდ 7 წუთი დაეთმო და ბუნებრივია, ვერაფერი გააწყო. თან, მისი მოედანზე შესვლა და სერბების მესამე გოლი თითქმის ერთდროულად დაემთხვა და თამაშიც იქ დასრულდა.
ჯაბა ჯიღაური შ.გ - „ვარდარის“ შემტევმა მოედანზე მხოლოდ 2 წუთი გაატარა. შესაბამისად, შეფასების გარეშე დარჩა.
ვლადიმირ ვაისი 5.5 - ამბობენ, თამაშს მწვრთნელები აგებენო და ამ სიტყვებში არის კიდეც სიმართლის მარცვალი, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც - ფეხბურთელის გასაკეთებელს მწვრთნელი ვერ გააკეთებს. საქართველოს ნაკრებმა თამაში სამი შემტევით და სამი საყრდენით დაიწყო, რომელთაგან ერთს, მუდმივად პრესინგი ჰქონდა დავალებული. სწორედ ამან გამოიღო შედეგი უკვე მეხუთე წუთზე. ისიც საგულისხმოა, რომ გოლის მერე, ნაკრები დაცვაში არ ჩაჯდა და ცდილობდა უპირატესობის გაზრდას, მომენტებიც შექმნა, მაგრამ არ გავიდა. მეორე ნახევარში სლოვაკი ვაბანკზე წავიდა და მცველის ნაცვლად შემტევი შეიყვანა. იმედოვნებდა რა, რომ შეხვედრის სურათი შეიცვლებოდა, თუმცა არ გაამართლა ტაქტიკის შეცვლამ.