ფეხბურთი

10:00 | 24.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო VS სერბეთი - გვირაბიდან გამოსვლის იმედით

“საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში თამაშის ხარისხით იმაზე მეტი ქულა დაიმსახურა, ვიდრე ამჟამად აქვს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ძლიერი და სახიფათო მეტოქეა”, - ასე შეაფასა სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიბ მუსლინმა ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი, რომელსაც “დინამო არენაზე” დაუპირისპირდება – მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრა.

საქართველოს ნაკრების მდგომარეობა დღეისათვის მართლაც არაა სახარბიელო და რამდენიც უნდა იძახონ ვლადიმირ ვაისმა, ფეხბურთელებმა და სხვა ადამიანებმა თამაშის ხარისხით მეტს ვიმსახურებდითო, ფაქტი სახეზე რჩება: 4 თამაში, 2 ქულა და მხოლოდ მეხუთე ადგილი ჯგუფში. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ მუნდიალზე მოხვედრა უფრო ოცნების საკითხია, ვიდრე რეალობის.

და მაინც, ადამიანი იმედით ცოცხლობს და განსაკუთრებით ქართველი კაცი – სერბებთან შეხვედრაში მიზანი ერთი და ნათელია – გამარჯვება. პირველი სამი ქულა ცალსახად გამოასწორებს ნაკრების ვითარებას, როგორც სატურნირო ცხრილში, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

შემადგენლობა

სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, ორი ვარიანტი აქვს: ძველი, ნაცადი სისტემა 4-2-3-1 ან 3-4-3. თუმცა იქვე ისიც თქვა, ახლა ექსპერიმენტების დრო არ მაქვსო და მაშინ თუ ასეა, არც ტაქტიკური განლაგების შეცვლას უნდა ველოდოთ. ამის ფონზე კი, დღევანდელ შეხვედრაში შემდეგი სასტარტო თერთმეტეული იკვეთება:

მეკარე – ამ პოზიციაზე ვაისს არჩევანი აქვს, თუმცა ფავორიტი და თანაც უდავო ერთია: გიორგი ლორია. გამოცდილი კიპერი კარგ ფორმაშია, რაც პრემიერლიგის ბოლო ტურშიც დაამტკიცა “როსტოვთან” მატჩში, როდესაც ორი ერთმანეთზე რთული ბურთი აიღო. ეჭვგარეშეა, ლორიას დამაჯერებელი თამაში საქართველოს ნაკრებსაც სასიცოცხლოდ დასჭირდება. აქვეა გიორგი მაკარიძეც, რომელსაც ასევე დიდებული დროება უდგას პორტუგალიაში, მაგრამ ვაისი დიდად მას აქამდე არ სწყალობდა და მცირე შანსია იმისა, რომ ახლა მისცეს თამაშის საშუალება.

დაცვა – ოთხი მცველი კითხვის ნიშნების გარეშე: ოთარ კაკაბაძე ამ დროისთვის მარჯვენა ფლანგზე უალტერნატივოა. უჩა ლობჟანიძე მხოლოდ მის შემცვლელად თუ მოიაზრება და ეს ვაისმაც დაადასტურა. საპირისპირო ფლანგზე კი, საერთოდ ერთი მოთამაშეა ნაკრებში – გიორგი ნავალოვსკი. დაცვის ცენტრს რაც შეეხება – გურამ კაშია გუნდის შეუცვლელი ფიგურაა, ხოლო სოლომონ კვირკველია მაშინ იყო ნაკრების საიმედო წევრი, როდესაც უთამაშებელი გახლდათ კლუბში და ახლა ხომ საერთოდ, როდესაც, როგორც იქნა ახალი კლუბი იპოვა. მართალია ამავე პოზიციის დავით ხოჭოლავაც ჩინებულ ფორმაშია, მაგრამ სანაკრებო გამოცდილება აკლია და აკი აღვნიშნეთ კიდეც ვაისი სიტყვები: ახლა ექსპერიმენტების დრო არაა.

ნახევარდაცვა – ორი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციას დიდი ალბათობით კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვაკო გვილია გაამაგრებენ. საინტერესო იქნება ამ დუეტის ხილვა: გამოცდილისა და ნაკრების ახალი სისხლის ერთად შერწყმა. თანაც ჯაბას დიდი ხანია ძირითადში არ უთამაშია ნაკრებში და წესით ახალი მოტივაცია მასაც მოზღვავებული უნდა ჰქონდეს. იყო კიდევ ორი რეალური ვარიანტი: გიორგი აბურჯანია და ბუბა დაუშვილი, მაგრამ ერთი ვაისმა საერთოდ არ გამოიძახა, მეორე კი, გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება.

შემტევი სამეული – საყრდენების წინ ან ცენტრფორვარდის უკან – ასე შეგვიძლია დავარქვათ ამ პოზიციას. თორნიკე ოქრიაშვილი სერბეთთან მატჩს ზედმეტი ყვითლების გამო ისედაც ტოვებდა, მაგრამ ამას მერე ტრავმაც დაემატა და ნაკრებში არაა. ეს უდავოდ უდიდესი დანაკლისი იქნება, რადგან ოქრიაშვილი დღევანდელი ფორმაციის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. ჯანო ანანიძეს ან ერთ ფლანგზე ვიხილავთ, ან მეორეზე. ყოველშემთხვევაში სლოვაკი მიიჩნევს, რომ მისი ადგილი უფრო ფლანგზეა, ვიდრე ფორვარდის უკან გამთამაშებლად. სამაგიეროდ, ამ პოზიციაზე ვაკო ყაზაიშვილი გაირჯება, რომლისთვისაც ეს უცხო სათამაშო როლი სულაც არაა. აი, რაც შეეხება მესამე შემტევს – ოქრიაშვილის არყოფნაში ვაისს საფიქრალი ნამდილად გაუჩნდა. გუნდშია გიორგი არაბიძე, რომელიც შესაძლოა მინდორზე მართლაც პირველივე წუთიდან ვიხილოთ. ყოველშემთხვევაში, სლოვაკმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მასზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი შანსია სათამაშო დრო მისცეს. საკითხავი ისაა, ენდობა კი პირველივე წუთიდან? გარდა ამისა, არის ორი არჩევანიც: სანდრო კობახიძე და ჯაბა ჯიღაური. ამ უკანასკნელის შესაძლებლობებს ვაისი კარგად იცნობს და რამდენჯერმე მან ძირითად შემადგენლობაშიც ითამაშა. არაა გამორიცხული სწორედ მაკედონიური “ვარდარის” შემტევი ვიხილოთ სასტარტოში.

ფორვარდი – გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე ლევან მჭედლიძე რომ გვყავდეს ისეთ ფორმაში მყოფი, როგორშიც იგი ახლო წარსულში იყო, ჩვენს ბედს შეტევაში ძაღლი არ დაჰყეფდა, მაგრამ “ემპოლის” ფეხბურთელი ლაზარეთშია. ვაისის არჩევანი კი სამგვარია: ვლადიმერ დვალიშვილი, ნიკა კაჭარავა და გიორგი ქვილითაია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ძირითად შემადგენლობაში სწორედ ვენის “რაპიდის” მოთამაშე იქნება, რომელიც ბოლო დროს კარგ ფორმაშია და გოლებსაც ხშირად იტანს.

შესაბამისად დღეს საქართველოს ნაკრების სასტარტო თერთმეტეული სავარაუდოდ ასეთი იქნება (4-2-3-1): ლორია – კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი – კანკავა, გვილია – ჯიღაური, ყაზაიშვილი, ანანიძე – ქვილითაია.

დანაკლისი: ბუბა დაუშვილი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ. პრინციპში, ოქრიაშვილი დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ისედაც გამოტოვებდა. ხსენებული სამი ფეხბურთელის არყოფნა კი, საქართველოს ნაკრებისთვის შეიძლება ითქვას დიდი დარტყმაა. მათი ძალა წინა მატჩებშიც გამოჩნდა და იმედია, შემცვლელები თავს არ შეირცხვენენ.

ვაისმა საკუთარი სურვილით უარი რამდენიმე ფეხბურთელზე თქვა: მაგალითად გიორგი აბურჯანია, რომელსაც კარგი პერიოდი არ უდგას, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა ნაკრებს გამოდგომოდა. ცალკე საკითხია გიორგი მერებაშვილის არყოფნა, რომელსაც სლოვაკი არ სწყალობს – მიზეზი ოფიციალურად უცნობია, თუმცა მთავარ მწვრთნელს თუ დავუჯერებთ, ახლა ექსპერიმენტების დრო არ ჰქონდა... ფაქტია, გიორგი ჩინებულ ფორმაშია და შეიძლებოდა საქმეში ერთხელ ნახვა მაინც. არიან სხვებიც, თუმცა ეს ცალკე წერილის თემაა...

მეტოქის გასახდელი

სერბეთის ნაკრების შემადგენლობა საკმაოდ სოლიდურია და ასე იყო თითქმის ყოველთვის, მაგრამ ამ ნაკრებს განსაკუთრებული წარმატების მიღწევა ძალიან უჭირს. ამჯერად, სლავოლიბ მუსლინის შეგირდები მეორე ადგილზე არიან და დაუმარცხებლად თამაშობენ. სერბები თბილისში მძიმე თამაშს ელოდებიან, მაგრამ აქ სამი ქულისთვის არიან ჩამოსულები. მუსლიმი და მისი გუნდი იმედოვნებს, რომ მეხუთე ტურის შემდეგ ჯგუფში გალიდერდება.

სერბთა რიგებში ისეთ ცნობად სახელ-გვარებს ამოიკითხავთ, როგორებიც ბრანისლავ ივანოვიჩი, დუშან ტადიჩი, ნემანია მატიჩი, ალექსანდრ კოლაროვი, ლაზარ მარკოვიჩი, ზორან ტოშიჩი და ლიუბომირ ფიესა არიან.

მიმდინარე შესარჩევ ციკლში სერბებმა მოლდოვა 3:0 გაანადგურეს ფილიპ კოსტიჩის, ბრანისლავ ივანოვიჩისა და დუშან ტადიჩის გოლებით მოუგეს. ასევე სამი გოლი გაუტანეს მუსლიმის ბიჭებმა ავსტრიელებს (3:2) – მიტროვიჩი დუბლი და ტადიჩი. ხოლო უელსთან (1:1) (გოლი მიტროვიჩი) და ირლანდიასთან (2:2) ფრეებს გამორჩნენ (გოლები კოსტიჩი და ტადიჩი)

სერბეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: სტოიკოვიჩი – მაკსიმოვიჩი, ივანოვიჩი, რუკავინა, კოლაროვი – მატიჩი, ფეისა – კოსტიჩი, ტადიჩი, მარკოვიჩი – მიტროვიჩი

ბოლო 10 თამაში

სერბეთის ნაკრების ბოლო ათი შეხვედრის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დასაწუნს ვერაფერს ვუპოვით: 5 მოგება, 4 ფრე და ერთადერთი მარცხი. ეს გამონაკლისი შემთხვევა 15 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც სპარინგში უკრაინამ აჯობა (2:0). სხვა მხრივ კი, სერბებს ოფიციალური ოთხი თამაში არ აქვთ წაგებული. ბოლოს სერბეთის ნაკრებმა ოფიციალური მატჩი 2015 წელს წააგო (პორტუგალიასთან 1:2).

აქვე სერბთან ბოლო 10 მატჩი: ესტონეთი 1:0, კვიპროსი 2:1, ისრაელი 3:1, რუსეთი 1:1, ირლანდია 2:2, მოლდოვა 3:0, ავსტრია 3:2, უელსი 1:1, უკრაინა 0:2, აშშ 0:0.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს – ვაი, რომ სტატისტიკა ისეთია, გული შეგეკუმშება: 1 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება. პარადოქსია და ეს კინკილა მოგებაც თვით ესპანეთის ნაკრებთან მოიპოვა საქართველომ. სხვათა შორის, ისიც აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ვაისი სწორედ ხსენებულ შეხვედრებში წვრთნიდა ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს. “ფურია როხასთან” ამხანაგურში მოვიგეთ და აი, რაც შეეხება ოფიციალურ მატჩში ბოლო გამარჯვებას - “ჯვაროსნებმა” 2015 წლის ოქტომბერში, გიბრალტართან მოიპოვეს...

აქვე უკანსაკნელი ათი შეხვედრაც: ყაზახეთი 1:1, სლოვაკეთი 1:3, რუმინეთი 1:5, ესპანეთი 1:0, ავსტრია 1:2, ირლანდია 0:1, უელსი 1:1, მოლდოვა 1:1, უზბეკეთი 2:2, იორდანია 0:1.

ცარიელი ფურცელი

აქამდე საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს ერთმანეთში არასდროს უთამაშიათ – არც ოფიციალურად და არც ამხანაგურად. შესაბამისად, ყველაფერი ცარიელი ფურცლიდან და “დინამო არენადან” იწყება. იმედია, ჩვენთვის სასიკეთოდ, რადგან ექსიუგოსლავიელების წინააღმდეგ თბილისში ჯერაც დაუმარცხებელნი ვართ...

სასტვენამდე

მოკლედ, დღეს, 21:00 საათზე საქართველოს ნაკრები სერბეთს უმასპინძლებს და ეცდება პირველი სამი ქულა მოიპოვოს მიმდინარე შესარჩევ ციკლში. იმედი ვიქონიოთ, ის იმედი, რომელიც ყველა თამაშის წინ, თითოეული ქომაგის გულის სიღრმეში არსებობს - იქნებ დავტოვოთ გვირაბი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113802