საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრი, გოგა ბითაძე სერბეთის იუნიორთა ლიგაში გამორჩეულია. თითქმის ყოველ მატჩში ის საკუთარი გუნდის ლიდერია და ასე იყო გასულ ტურშიც, რომელშიც მისმა „მეგა ბიმაქსმა“ „ჟელეზნიჩარი“ 121:71 გაანადგურა.
გოგა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მხოლოდ 20:45 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ 25 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 2 ჩაჭრა, 3 პასი და 4 დაფარება მოეგროვებინა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 8 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა. შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 38 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
“მეგა ბემაქსმა” 13 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და იუნიორთა ლიგაში მე-3 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 25 მარტს, სტუმრად, აუტსაიდერ “პოლეტთან” გამართავს.
gbf.ge