გასულ უქმეებზე, ხარკოვში, ოვანეს სააკიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ქართველმა სპორტსმენებმა ორი მედალი მოიპოვეს.
საქართველოდან უკრაინაში აჭარის გუნდი ჩავიდა. მარად ზოიძე (86 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო მამუკა კორძაიას (97 კგ) უმაღლეს ტიტულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, მარად ზოიძემ ოქროს გზაზე ხუთი უკრაინელი მეტოქე დაამარცხა. ფინალში მან მარკ მარკარიანს აჯობა. მამუკა კორძაია კი გადამწყვეტ ბრძოლაში რუს ახმედ ბატაევთან დამარცხდა.
საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა უკრაინის, საქართველოს, რუსეთისა და ისრაელის გუნდებმა მიიღეს.