საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ირვინგის ჩელენჯერის მერვედფინალში ჟერემი შარდისთან ვერაფერი გააწყო და 2:6, 1:6 დამარცხდა.
მთელი შეხვედრის განმავლობაში ბასილაშვილი შეცდომებს უშვებდა, ბურთს ბადეს ხშირად არტყამდა და ასევე აუტიც ბევრჯერ დაფიქსირდა. ქართველმა 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ერთ პერიოდში სწორედ ორი უზუსტო მოწოდების გამო დაბრეიკდა. მსოფლიოს 55-ე ნომერმა მხოლოდ 1 ეისი მოაწოდა, ხოლო მე-80 ჩოგანმა - 8. შეხვედრაში გადამწყვეტი პირველი სეტის მეექვსე გეიმი აღმოჩნდა, როდესაც ნიკოლოზს საკუთარ მოწოდებაზე შეეძლო 3:3 გაეხადა ანგარიში, თუმცა მსოფლიოს მე-80 ჩოგანი არ დანებდა, გეიმი დიდი ბრძოლის შემდეგ მოიგო და 4:2 დაწინაურდა. ამის შემდეგ კი ნიკოლოზი ზედიზედ სამჯერ დაბრეიკდა. ფრანგს შანსი ჰქონდა მეორე სეტი 6:0 მოეგო, თუმცა ბასილაშვილმა ერთ გეიმში მაინც იმარჯვა.
ირვინგის ჩელენჯერზე გამოსვლა ბასილაშვილმა ამით დაასრულა და ქართველის მომდევნო ტურნირი მაიამის მასტერსია, სადაც ნიკოლოზი ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.