საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ირვინგის ჩელენჯერის მეთექვსმეტედფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე თეიმურაზ გაბაშვილი 6:1, 6:4 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე დაუპირისპირდება ფრანგ ჟერემი შარდის, რომელსაც აქამდე არ შეხვედრია.
პირველ სეტში ტურნირის მეოთხე ნომერმა და მსოფლიოს რეიტინგის 55-ე პოზიციაზე მყოფმა ნიკოლოზმა მეტოქე ორჯერ დააბრეიკა. მეორე სეტში მსოფლიოს 165-ე ნომერი ზედიზედ 2-ჯერ დაბრეიკდა და ბასილაშვილი 3:0 დაწინაურდა, თუმცა მალევე ნიკას მოწოდებაზე თეიმურაზმა იყოჩაღა და ბრეიკი შეასრულა და მალევე ანგარიში 2:3 გახდა. ამის შემდეგ ბასილაშვილმა ბრეიკით ანგარიში 5:2 გახადა და თითქოს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო, თუმცა ნიკა სეტში მეორეჯერ დაბრეიკდა.
მეორე სეტში მეტოქეები მოწოდების უპირატესობას ვერ იყენებდნენ და მიუხედავად ამისა, ტურნირის მეოთხე ნომერმა საბოლოოდ სეტი 6:4 მოიგო და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 1:1 გახადა. აქამდე მეტოქეები ერთმანეთს ესქიშეჰირის ჩელენჯერის მერვედფინალში დაუპირისპირდნენ, სადაც გაბაშვილმა 3:6, 6:3, 6:3 იმარჯვა. უნდა ითქვას, რომ ნიკოლოზისთვის მსოფლიოს მე-80 ნომერი ჟერემი შარდი გაბაშვილზე გაცილებით ძლიერი მეტოქე იქნება და მეტი ყურადღება მართებს.
ბასილაშვილმა აღნიშნული გამარჯვებით 10 სარეიტინგო ქულა და 2, 580 დოლარი გამოიმუშავა. ტურნირის საპრიზო თანხა 150, 000 დოლარია. გამარჯვებული 125 სარეიტინგო ქულას მიიღებს, ხოლო ფინალისტი - 75 ქულას.