ფეხბურთი

10:00 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკო" - "სიტი": კიდევ ერთი შოუს მოლოდინი

უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩისგან, “მონაკო” – “მანჩესტერ სიტი”, დიდი მოლოდინია. ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგან პირველი შეხვედრა ინგლისში ისეთი გამოდგა, დავიწყებას კარგა ხანს რომ არ მიეცემა.

“მონაკომ” “ეტიჰად სთედიუმზე” ჩინებული ფეხბურთი აჩვენა, ოღონდ მხოლოდ შეტევით ფაზაში. მეკარემ და დაცვამ კი, თავისიანები ერთდროულად დააღალატეს და ამიტომაცაა, რომ ახლა ლეონარდო ჟარდიმის გუნდს ორბურთიანი ჩამორჩენა აქვს აღმოსაფხვრელი. ეს ადვილი გასაკეთებელი სულაც არ იქნება, რადგან “მან სიტი” კარგ ფორმაშია და უკვე 11 თამაშია მიჯრით არ წაუგია. თავის მხრივ, ურიგოდ არც “მონაკო” გამოიყურება და საფრანგეთის ლიგა 1-ს ერთიპიროვნულად ლიდერობს.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლეს დისკვალიფიცირებული კამილ გლიკი და ტრავმირებულნი, კარილო და ბოსკილია დააკლდება. ხოლო პეპ გვარდიოლას მონტე კარლოში ჩასვლა გაბრიელ ჟესუსის გარეშე მოუწია ჩასვლა.

სხვათა შორის, გვარდიოლა ფრანგულ გუნდს ძალიან უფრთხის და განსაკუთრებით შეტევის ხაზს. ესპანელმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი დაცვაში ჩადგომას არ აპირებს და პირიქით – შეუტევს. ჟარდიმიც ელოდება, რომ შემტევი ფეხბურთი გაჩაღდება. მისი თქმით, "მონაკოს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სამი გოლის გატანა მაინც დასჭირდება.

აქვე გეტყვით, რომ უეფას ტურნირებში ანგარიში 5:3 10-ჯერ დაფიქსირებულა. აქედან 6 შემთხვევაში (60%) მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გავიდა, რომელმაც პირველი თამაში საკუთარ მოედანზე ჩაატარეს, ხოლო დანარჩენ 4 შემთხვევაში წარმატება წილად იმ გუნდს ხვდა, რომელმაც მეორე თამაში გამართეს საკუთარ მოედანზე.

ლეონარდო ჟარდიმი ("მონაკოს" მთავარი მწვრთნელი): "ვფიქრობ, გუნდები შემტევ ფეხბურთს ითამაშებენ. ჩვენ უნდა შევეცდოთ გატანას, რადგან აუცილებლად ორი გოლი გვაქვს გასატანილი თუ შემდეგ ეტაპზე თამაში გვინდა. “სიტი” ძალიან სახიფათოა. ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია გოლის გატანა. ჩემი აზრით, მომდევო ეტაპზე გასასვლელად სამი გოლი ნამდვილად დაგვჭირდება.

ეჭვგარეშეა, რომ გუნდები ერთმანეთს პატივს სცემენ. შემტევი თამაში გაჩაღდება, რადგან “მონაკოსა” და “სიტის” მენტალიტეტი ასეთია. ვფიქრობ, ბევრი გოლი გავა”.

პეპ გვარდიოლა (“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ ვიცით, რომ გოლს თუ ვერ გავიტანთ, დიდი შანსია ტურნირს გამოვეთიშოთ. ამიტომ, უნდა შევუტიოთ, საუკეთესო თავდაცვა ხომ შეტევაა. “მონაკო” მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, როდესაც საქმე გოლის გატანაზე მიდგება. შეტევაში ხუთი-ექვსი მოთამაშე საუკეთესო სტილში თამაშობს, ფიზიკურადაც ძალიან ძლიერები არიან.

უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც პირველ მატჩში და მჯერა, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. დღეს კი, დარწმუნებული ვარ კიდევ ერთი ფანტასტიური თამაში გველის და ამიტომაც, ყველას მოვუწოდებ ტელევიზორებთან დასხდნენ”.

სავარაუდო შემადგენლობები:

მონტე კარლო, “ლუი II”

15 მარტი, 23:45 საათი

“მონაკო” (4-4-2): შუბაშიჩი; სიდიბე, რაჯი, ჟემერსონი, მენდი; ბერნარდო სილვა, ბაკაიოკო, ფაბინიო, ლემარი; მბაპე, ფალკაო

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

“მანჩესტერ სიტი” (4-1-4-1): კაბალიერო; სანია, სტოუნსი, ოტამენდი, კლიში; ფერნანდინიო; სტერლინგი, დე ბრუინი, სილვა, სანე; აგუერო

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ურთიერთშეხვედრები

“მონაკო” და “მანჩესტერ სიტი” ისტორიაში მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. შესაბამისად, ამ გუნდთა შორის აქამდე ერთადერთი შეხვედრა ახსოვს ისტორიას – “ქალაქელებმა” 5:3 მოიგეს.

სტატისტიკა

“მონაკო”

“მონაკოს” შანსი აქვს მეოთხედფინალში მეორედ გავიდეს ბოლო სამ სეზონში. ორი წლის წინ, “თავადებმა” ლონდონის “არსენალს” აჯობეს ამავე ეტაპზე (3:1, 0:2).

მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე “მონაკომ” 5 თამაში ჩაატარა და წაუგებელია: 4 მოგება, 1 ფრე. მათ შორის, ორი მატჩი იყო საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც “ფენერბაჰჩესა” და “ვილიარეალს” მოუგო.

მიმდინარე სეზონში “მონაკომ” ჯგუფურ ეტაპზე უკვე დაამარცხა ერთი ინგლისური გუნდი – “ტოტენჰემს” შინაც მოუგო და გასვლაზეც, ერთნაირი ანგარიშით – 2:1.

“მონაკო” ინგლისურ გუნდებთან საკუთარ მოედანზე ასეთი სტატისტიკური მონაცემით იწონებს თავს: 5 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება.

“მონეგასკებმა” იმ 20 შემთხვევიდან, როდესაც პირველი თამაში გასვლაზე წააგეს, შემდეგი ეტაპის საგზური მხოლოდ 7 შემთხვევაში მოიპოვეს. თუმცა, როდესაც სტუმრად ორი ბურთის სხვაობით წააგო, მომდევნო ეტაოზე 6 ცდიდან ერთადერთხელ გავიდა – 2003-2004 წლების სეზონში “რეალთან” 2:4 მარცხის მერე, დიდიე დეშამის გუნდმა შინ 3:1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

“მონაკო” პენალტების სერიაში – 1 მოგება, 0 წაგება:

1989-1990 – თასების თასი, მეოთხედფინალი, “ვალიადოლიდი”, 3:1.

“მანჩესტერ სიტი”

“სიტის” შანსი აქვს ზედიზედ მეორედ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. შარშან ინგლისური გუნდი ნახევარფინალამდე მივიდა.

მიმდინარე სეზონში “ქალაქელებს” გასვლაზე არ მოუგიათ – 2 ფრე, 1 წაგება.

გასულ სეზონში “სიტიმ” მეორე ფრანგული გუნდი, პსჟ დაამარცხა პლეი-ოფში: 2:2, 1:0.

გარდა ამისა, მანჩესტერელბს ერთადერთხელ მოუწიათ ფრანგულ გუნდთან თამაში და მაშინაც მეტოქე პსჟ იყო – 2008-2009 წლების სეზონში, უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე. თამაში გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

პეპ გვარდიოლამ მერვედფინალში გამარჯვება 7 ცდიდან შვიდჯერვე შეძლო, როდესაც “ბარსელონასა” და “ბაიერნს” ავარჯიშებდა.

“მანჩესტერ სიტიმ” მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლო მაშინ, როდესაც პირველი თამაში სახლში მოიგო: 6-დან ხუთჯერ. ერთადერთი გამონაკლისი 1976-1977 წლების სეზონში დაფიქსირდა: მაშინ “იუვენტუსმა” მანჩესტერში 0:1 წააგო, მაგრამ შინ 2:0 დაამარცხა “სიტი”.

“მანჩესტერ სიტი” პენალტების სერიაში – 2 მოგება, 0 წაგება:

2008-2009 – უეფას თასი, მეორე ეტაპი, “მიდტიულანდი”, 4:2.

2008-2009 – უეფას თასი, მერვედფინალი, “ოლბორგი”, 4:3.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

პეპ გვარდიოლა ფრანგულ გუნდს 1997 წლის შემდგომ პირველად დაუპირისპირდება. მაშინ, ფეხბურთელმა პეპმა პსჟ-ს თასების თასის ფინალში მოუგო (1:0). ხოლო “მონაკოსთან” 1993-1994 წლების სეზონში იმარჯვა (2:0, 1:0).

ლეონარდო ჟარდიმი ინგლისურ გუნდს პირველად “ბრაგას” მთავარი მწვრთნელის რანგში დაუპირისპირდა – “ბირმინგემ სიტის” ევროპა ლიგაზე 2011-2012 წლების სეზონში (3:1, 1:0). მომდევნო სეზონში კი, უკვე “ოლიმპიაკოსის” თავკაცის რაგნში “არსენალსაც” გაეჯიბრა – 1:3, 2:1.

იაია ტურე 2006-2007 წლების სეზონში “მონაკოში” თამაშობდა და ლიგა 1-ში 27 შეხვედრა ჩაატარა.

ბაქარი სანია “მონაკოს” ხუთჯერ დაუპირისპირდა, როგორც “ოსერის” ფეხბურთელი (2 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება).

“პორტუს” მაისურით ჟოაო მოუტინიოს “სიტი” 4:0 ჰყავს დამარცხებული 2012 წლის 22 თებერვალს. პორტუგალიელთა რიგებში მაშინ ფერნანდო და ნიკოლას ოტამენდიც თამაშობდნენ.

2015 და 2016 წლებში “სიტის” წინააღმდეგ ითამაშა რადამელ ფალკაომ, ჯერ “მანჩესტერის” ფეხბურთელის რანგში, მერე “ჩელსის”.

ფალკაოს ინგლისური გუნდების, “არსენალისა” და “ჩელსის” კარში გაუტანია გოლი მაშინ, როდესაც “პორტუსა” და “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა.

ჯიბრილ სიდიბეს საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი მაშინ ჰქონდა, როდესაც ბაქარი სანია შეცვალა 2016 წელს, ბულგარეთთან მატჩში.

ალექსანდრ კოლაროვს საფრანგეთის ნაკრების კარი აქვს დალაშქრული 2014 წელს ამხანაგურ მატჩში.

ერთად უთამაშიათ

ფერნანდოს, ნიკოლას ოტამენდის, ჟოაო მოუტინიოსა და რადამელ ფალკაოს (“პორტუში”).

ბაქარი სანიასა და ჯიბრილ სიდიბეს (საფრანგეთის ნაკრებში).

ფერნანდინიოსა და ფაბინიოს (ბრაზილიის ნაკრებში).

0.172406