ფეხბურთი

16:14 | 14.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

შვილიშვილებისთვის მოსაყოლი ამბები

"ძაღლის ბედი აქვს", "მისთვის გათენდა", "ასჯერ რომ დაარტყას, ვეღარ გაიტანს" - რამდენნაირ გამოთქმას აღარ გაიგონებთ იღბლიანობაზე. ბედნიერი და უბედური დღეები ყველა ფეხბურთელის ცხოვრებაშია, მაგრამ ზოგჯერ არსებობს დაუვიწყარი დღეები, ამ შემთხვევაში დაუვიწყარი მატჩები.

ბოლო მაგალითი სერხი რობერტოა... ის არ გახლავთ "ბარსელონას" ვარსკვლავი და მეტიც, უმრავლესობა მისი ძირითადში თამაშის წინააღმდეგია, მაგრამ ერთმა გოლმა, ერთმა ფეხის მოქნევამ როგორ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. პსჟ-სთან ისეთი გოლი გაიტანა, კარგა ხანს რომ ემახსოვრებათ.

ამ გოლით სერხი რობერტო უკეთესი ფეხბურთელი როდი გახდა... მაგრამ თანაგუნდელთა თვალში მისი ფასი აიწევა, მწვრთნელიც უკვე სხვაგვარად შეხედავს და თვითონ სერხი რობერტოც, როცა დაბერდება, შვილიშვილებს მოუყვება ამ ერთი ფეხის მოქნევაზე.

ამ სტატიაში იმ ფეხბურთელებზე დავწერთ, რომლებიც შორს იყვნენ ვარსკვლავობისგან, გუნდის ძირითადში მოხვედრაც კი უჭირდათ, მაგრამ ბედმა მათ გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი როლი არგუნა. ასე ვთქვათ, მოულოდნელი გმირების შესახებ და სხვათა შორის, სერხი რობერტოს გარდა, კიდევ რამდენიმე ბარსელონელს გავიხსენებთ.

1986 წელი იყო, "ბარსელონა" ჩემპიონთა თასი ნახევარფინალში შვედურ "გიოტებორგს" მასპინძლობდა. კატალონიელებს შვედეთში 0:3 ჰქონდათ წაგებული და ხომ წარმოგიდგენიათ, რა რთული იქნებოდა ფინალში გასვლა... "კამპ ნოუზე" ყველაფერი უკუღმა დატრიალდა, "ბარსამ" 3:0 მოიგო, დამატებით დროში გოლი აღარ გასულა და პენალტებით იმარჯვეს კატალონიელებმა. სამივე გოლი პიჩი ალონსომ გაიტანა...

ვინ იყო პიჩი ალონსო? იშვიათად ხვდებოდა "ბარსას" ძირითადში, ესპანეთის ნაკრებშიც მხოლოდ სამი უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული. და უცებ ამხელა კლუბი თითქმის პირადად გაჰყავს ჩემპიონთა თასის ფინალში. აი, ფინალში კი კატალონიელებმა პენალტების სერიაში წააგეს ბუქარესტის "სტიაუასთან" - 0:2.

თავისთავად გადავედით "სტიაუაზე", კერძოდ, მის მეკარე ჰელმუტ დუკადამზე. 1986 წელი, ხსენებული ფინალი სევილიაში, ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტებში კი "ბარსა" უშანსოდ დარჩა: რუმინელთა მეკარემ ოთხი პენალტი მოიგერია! ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დუკადამი რუმინეთის ნაკრების ძირითადი მეკარე არ გახლდათ...

"მხოლოდ ფსიქოლოგიური კუთხით ვუდგებოდი, ვინ რომელ კუთხეში დაარტყამდა. უბრალოდ, "ბარსელონას" პენალტისტების ფსიქოლოგია წარმოვიდგინე. წინასწარ არ მივარჯიშია პენალტების მოგერიებაზე. კონკრეტულად იმ საღამოს, ოთხივე ჯერზე გამოვიცანი, ვინ რომელ კუთხეს აირჩევდა" - თქვა დუკადამმა ინტერვიუში.

2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, "ბარსელონა" აგებს "არსენალთან", ჯერ სამუელ ეტოო ათანაბრებს და მერე, 81-ე წუთზე გამარჯვების გოლი გააქვს... ჟულიანო ბელეტის. "ბარსას" ჰყავდა რონალდინიო, ეტოო, დეკუ, ლარსონი, ამ დროს კი ბელეტიმ გაიტანა. არა, ბელეტი ცუდი ფეხბურთელი ნამდვილად არ იყო, მაგრამ დღეს ამ გოლით უფრო გაიხსენებენ.

თასების თასის ფინალი 1995 წელს. "სარაგოსა"-"არსენალი", ანგარიშია 1:1 და მიმდინარეობს 120-ე წუთი. ყველა პენალტების სერიას ელის, მაგრამ 40 მეტრიდან მოულოდნელად კარში ურტყამს ესპანელთა მაროკოული წარმოშობის ნახევარმცველი ნაიმი. "არსენალის" მეკარე დევიდ სიმენი თან გადახტა, მაგრამ ბურთს ვერ შესწვდა და ბადეში გაიხლართა.

იმ დღეს მოედანზე იყვნენ ხუან ესნაიდერი, გუსტავო პოიეტი, მიგელ პარდესა და სხვები, მაგრამ ნაიმმა გაიტანა და ისტორიაში სამუდამოდ დატოვა თავისი სახელი. ნაიმს არასოდეს უთამაშია ესპანეთის ნაკრებში (მხოლოდ ასაკობრივ ნაკრებებში იყო), ხუთი სეზონი გაატარა იმ დროს არცთუ ძლიერ "ტოტენჰემში" და იქაც საშუალო ფეხბურთელი გახლდათ.

ჟან-ფრანსუა დომერგს საფრანგეთის ნაკრებში ორი გოლი აქვს გატანილი და ორივე - 1984 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, პორტუგალიის კარში. ფრანგებმა 3:2 მოიგეს დამატებით დროში. მცველმა დომერგმა ჯერ ძირითად დროში გაიტანა, მერე კი 114-ე წუთზე, რითაც ანგარიში გაათანაბრა (2:2).

დომერგს ნაკრებში მხოლოდ 9 მატჩი აქვს ჩატარებული, ის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი იყო საფრანგეთის მაშინდელ თერთმეტეულში, მაგრამ ამ ნახევარფინალით გაითქვა სახელი.

ჟან-ფრანსუა დომერგი ქართველთათვის ნაცნობი პიროვნებაა. უეფასგან მოვლენილი კურატორი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში.

პორტუგალიელი ედერი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში. პორტუგალია-საფრანგეთი, მეორე დამატებითი ტაიმი, გოლი არ გასულა და ამ დროს რა ბურთი გააქვს წარმოშობით გვინეა-ბისაუელ ედერს. ამ ფეხბურთელს არასოდეს უთამაშია გრანდში და ბუნებრივია, ნაკრებშიც ვერ გამოირჩეოდა.

0.174145