ფეხბურთი

12:24 | 14.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერი" ყველაფრისთვის მზადაა: პენალტების სერიისთვისაც და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაც

უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ინგლისის ჩემპიონი “ლესტერ სიტი” შინ “სევილიას” მიიღებს და ერთბურთიანი ჩამორჩენა აქვს აღმოსაფხვრელი. ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.

სხვათა შორის, “ლესტერის” ახალი მთავარი მწვრთნელი კრეიგ შექსპირი მიიჩნევს, რომ მისი გუნდისთვის შეუძლებელი არც ჩემპიონთა ლიგის მოგებაა – ვნახოთ. მანამდე, “მელიებს” “სევილიას” ბარიერის დაძლევა მართებთ.

პირველ მატჩში ინგლისელებს კლაუდიო რანიერი თავკაცობდა, რომლისთვის საბედისწერო სწორედ ის თამაში გამოდგა. მას შემდეგ კი, “ლესტერს” შექსპირი თავკაცობს და ჩინებულადაც – ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა ახალი თავკაცის ხელში ორი თამაში ჩაატარა და ორივე მოიგო: “ლივერპულთან” და “ჰალთან” ერთნაირი ანგარიშით – 3:1.

მასპინძლებს დღეს ვაგისა და მენდის დახმარების იმედი ვერ ექნებათ, ხოლო სტუმართა რიგებში უფრო დიდია დანაკლისი: ტრემოლინასი, ვიეტო და კარიკო.

აქვე გეტვყით, რომ ევროტურნირების პლეი-ოფში ანგარიში 2:1 587-ჯერ დაფიქსირებულა – მომდევნო ეტაპზე 287-ჯერ (48.9%) ის გუნდები გავიდნენ, რომლებმაც მეორე თამაში სახლში ჩაატარეს, ხოლო 300-ჯერ (51.1%) ის გუნდები, რომლებმაც მეორედ სტუმრად ითამაშეს.

კრეიგ შექსპირი (“ლესტერის” მთავარი მწვრთნელი): “ვიცოდით, რომ სტუმრად გოლის გატანა უმნიშვნელოვანესი იყო. ეს განსაკუთრებული შანსია. სტადიონზე დიდებული ატმოსფერო იქნება და ველოდები, რომ გუნდსაც გადაედება ისე, როგორც ბოლო ორ საშინაო მატჩში (“ლივერპულთან” და “ჰალთან”). ჩვენ მზად ვართ პენალტების სერიისთვისაც, არაფერს გამოვრიცხავთ. შეუძლია თუ არა “ლესტერს” ჩემპიონთა ლიგის მოგება? – რატომაც არა!

ხორხე სამპაოლო (“სევილიას” მთავარი მწვრთნელი): “მოედანზე უნდა გავიდეს საუკეთესო “სევილია” და ითამაშოს მაქსიმალურად კარგი ფეხბურთი. საჭიროა ვიბრძოლოთ თითოეული მონაკვეთისთვის ისე, როგორც ამას “ბარსელონა” და “რეალი” აკეთებენ, რომლებიც ესპანეთს ევროპაში ყოველთვის მაღალ დონეზე წარმოადგენენ.

ამასთან, მშვიდად უნდა ვითამაშოთ, სხვა შემთხვევაში ჩვენი მეტოქე ისარგებლებს და გაიმარჯვებს. “ლესტერმა” დაიბრუნა ის სულისკვეთება, რომელიც შარშან ჰქონდა, როდესაც პრემიერლიგა მოიგო. ჩემთვის კი, დღეს საუკეთესო საჩუქარი “სევილიას” შემდეგ ეტაპზე გასვლა იქნება (სამპაოლი იუბილარია, 57 წელი შეუსრულდა). ისტორიული შანსი გვაქვს, მოვხვდეთ ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის”.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლესტერი, “კინგ პოუერ სთედიუმი”

14 მარტი, 23:45 საათი

“ლესტერი” (4-4-2): შმეიხელი; სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი; მაჰრეზი, დრინკუოთერი, ნდიდი, ალბირგტონი; ოკაზაკი, ვარდი

მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი

“სევილია” (3-4-3): სერხიო რიკო; პარეხა, რამი, მერკადო; მარიანო, ნ’ზონზი, ნასრი, ესკუდერო; იბორა, იოვეტიჩი, ვიტოლო

მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

ურთიერთშეხვედრები

“სევილიას” და “ლესტერის” გზები პირველად მიმდინარე სეზონში გადაიკვეთა და შესაბამისად, მოსაყოლიც არაფერია. გარდა იმისა, რაც უკვე კარგად ვიცით: “დალაქებმა” შინ 2:1 გაიმარჯვეს.

სტატისტიკა

“ლესტერი”

“ლესტერს” მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე ყველა თამაში მოგებული აქვს. ჯგუფურ ეტაპზე “პორტუსთან” (1:0), “კოპენჰაგენთან” (1:0) და “ბრიუესთან” (2:1).

ინგლისის ჩემპიონმა აქამდე საპლეი-ოფო ბარიერი ოთხი შემთხვევიდან ერთადერთხელ გადალახა. შორეულ, 1961-1962 წლების სეზონში – “გლენავონი” ორი მატჩის ჯამში 7:2 დაამარცხა.

დანარჩენი სამ შემთხვევაში კი, “ლესტერი” ტურნირს დაემშვიდობა. აქედან ორჯერ ესპანურ გუნდთან დამარცხდა და ორჯერვე “ატლეტიკოსთან”: 1961-1962 წლების სეზონში (1:1, 0:2) და 1997-1998 წლების სეზონში (1:2, 0:2).

“ლესტერს” უეფას ტურნირებში პენალტების სერიაში არასდროს უთამაშია.

“სევილია”

“სევილიას” შანსი აქვს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მეოთხედფინალში 1957-1958 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაბრუნდეს. მაშინ, ანდალუზიელებმა “რეალთან” წააგეს (0:8, 2:2).

მას შემდგომ “სევილია” ორჯერ გამოეთიშა მერვედფინალიდან გათამაშებას – 2008 წელს “ფენერბაჰჩესთან” (5:5, 2:3 პენალტების სერიაში) და 2010 წელს ცსკასთან (2:3 ორი მატჩის ჯამში).

2016 წლიდან მოყოლებული სევილიელებმა ეროტურნირების საგარეო მატჩებში შვიდჯერ ითამაშეს და ერთადერთხელ წააგეს (2 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება). მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე კი, გოლი გასვლით შეხვედრებში საერთოდ არ გაუშვიათ. “იუვენტუსთან” და “ლიონთან” 0:0, ხოლო ზაგრების “დინამოსთან” – 1:0.

ანდალუზიურ გუნდს ინგლისში არასდროს მოუგია – 2 ფრე, 2 წაგება. შარშან, ჯგუფურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტის” კონოპლიანკას გოლით უგებდა, მაგრამ საბოლოოდ, 1:2 წააგო.

ინგლისურ გუნდს აქამდე “სევილია” პლეი-ოფში ერთადერთხელ შეხვედრია – 2006-2007 წლების სეზონში უეფას თასზე, ლონდონის “ტოტენჰემი” დაამარცხა ორი მატჩის ჯამში (2:1, 2:2).

გასულ სეზონში კი, ევროპა ლიგის ფინალში “ლივერპული” დაამარცხა 3:1, ხოლო უეფას თასის გადამწყვეტ მატჩში 2006 წელს, “მიდლსბროს” აჯობა – 4:0.

“სევილიამ” ევროტურნირების საპლეი-ოფო სტადიაზე როდესაც პირველი მატჩი მოიგო, შემდეგი ეტაპის საგზური ერთადერთხელ ვერ მოიპოვა 18 შემთხვევიდან. ეს გამონაკლისი კი, 1982-1983 წლების სეზონში დაფიქსირდა უეფას თასზე გერმანულ “კაიზერსლაუტერნთან”.

“სევილია” პენალტების სერიაში – 5 მოგება, 1 წაგება:

1990-1991 – “უეფას თასი, პირველი ეტაპი, პაოკ, 4:3.

2006-2007 – უეფას თასი, ფინალი, “ესპანიოლი”, 3:1.

2007-2008 – ჩემპიონთა ლიგა, მერვედფინალი, “ფენერბაჰჩე”, 2:3.

2013-2014 – ევროპა ლიგა, მერვედფინალი, “ბეტისი”, 4:3.

2013-2014 – ევროპა ლიგა, ფინალი, “ბენფიკა”, 4:2.

2015-2016 – ევროპა ლიგა, მეოთხედფინალი, “ბილბაო”, 5:4.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

“ლესტერის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი ესპანეთში “ვალენსიასა” (1997-1998, 2004-2005) და “ატლეტიკოს” (1999-2000) წვრთნიდა. “სევილიასთან” კი, ორჯერ აქვს წაგებული “ატლეტიკოსთან” ერთად 1:2 და “ვალენსიასთან” ერთად 1:2.

ბოლოს ევროტურნირების საპლეი-ოფო სტადიაზე რანიერის ესპანურ გუნდთან დაპირისპირება 1998 წელს მოუწია და “ესპანიოლი” ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა.

იმავე რანიერის 1992-1993 წლების სეზონში “ნაპოლის” თავკაცის რანგში “ვალენსია” ჰყავს დამარცხებული (5:1, 1:0), ხოლო 1997 წელს თასების თასის ნახევარფინალში “ფიორენტინასთან” ერთად “ბარსელონასთან” დამარცხდა (1:1, 0:2).

სტივენ ნ’ზონზის “ლესტერთან” სამჯერ უთამაშია: 2 მოგება, 1 წაგება.

სამირ ნასრის “სიტის” შემადგენლობაში “ლესტერთან” ორიდან ორი თამაში აქვს მოგებული.

ხიხონის “სპორტინგის” რიგებში ლუის ერნანდესი “სევილიას” წინააღმდეგ გააძევეს 2015 წლის დეკემბერში. შარშან აპრილში, კი, “დალაქებთან” 2:1 იმარჯვა.

ლეონარდო ულოას “სევილიას” წინააღმდეგ ორჯერ უთამაშია “ალმერიაში” ასპარეზობის დროს. სტუმრად 3:1 მოიგო, ხოლო შინ 0:1 წააგო.

სტევან იოვეტიჩს კასპერ შმეიხელისთვის გოლი აქვს გატანილი 2015 წელს მონტენეგროსა და დანიის ნაკრებთა ამხანაგურ მატჩში. 2009-2010 წლების სეზონში კი, “ლივერპულთან” დუბლი შეასრულა (2:0).

იმავე იოვეტიჩს “ლესტერის” წინააღმდეგ არასდროს უთამაშია, მიუხედავად იმისა, რომ “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავდა.

კრისტიან ფუხსმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ესპანურ გუნდს, “რეალს” გაუტანა 2015 წელს (4:3). თუმცა, მომდევნო ეტაპზე მადრიდელები გავიდნენ (ორი მატჩის ჯამში 5:4).

ერთად უთამაშიათ

პაბლო სარაბიასა და ლუის ერნანდესს (“რეალის” ახალგაზრდულ გუნდში).

სტივენ ნ’ზონზისა და რობერტ ჰუტის (“სტოკ სიტიში”).

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

მიშელ კრონ-დელი და კასპერ შმეიხელი (დანიის ნაკრებში).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.229184