13 მარტს, ლიგა 3-ს დაწყებასთან დაკავშირებით, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით (სფფ-სთან შეთანხმების შემდეგ) ქუთაისში მსაჯთა პრაქტიკული და თეორიული ტესტირებები ჩატარდა. მასში მონაწილეობდა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების 21 მსაჯი, რომელთაგან 9 ახალი სეზონის წინ პირველად გადიოდა შემოწმების აღნიშნულ ეტაპებს.
ტესტირების ორივე ნაწილს ირფფ-ს სამსაჯო განყოფილების უფროსი გიორგი კიკაჩეიშვილი უძღვებოდა. მისი თქმით, საბოლოოდ 13-მა მსაჯმა აჩვენა დადებითი შედეგი, რომელთა შორის ტესტირების მონაწილე ორივე გოგონა (თეონა სტურუა და თამთა შენგელია) გახლდათ.
ფიზიკური ტესტები, 11:00 საათიდან ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სარბენ ბილიკებზე დაიწყო. მოგვიანებით მონაწილეებმა "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" ერთ-ერთ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც მათთან და ეროვნული ლიგის მომსახურე იმერელ მსაჯებთან სეზონისწინა შეხვედრა ჰქონდა ირფფ-ს პრეზიდენტ დავით რუხაძეს.
გიორგი კიკაჩეიშვილმა, თეორიული ტესტირების შემდეგ მსაჯებს თამაშის წესებში სიახლეებთან დაკავშირებით ლექცია-სემინარიც ჩაუტარა.