მილანის “ინტერის” თავდამსხმელ მაურო იკარდის ტოპ 5 ჩემპიონატის ფეხბურთელთა შორის საუკეთესო შედეგი აქვს – საქმე ეხება მიმდინარე სეზონში შესრულებულ დუბლებსა და ჰეთ-თრიქებს. 24 წლის ფორვარდმა წელს ერთხელ შეძლო მეტოქის კარში სამი, ხოლო ექვსჯერ ორი გოლის გატანა და ეს საუკეთესო მაჩვენებელია.
არგენტინელმა ჰეთ-თრიქი ბოლო ტურში “ატალანტასთან” გაიფორმა. რაც შეეხება დუბლებს: “პესკარასა”, “ემპოლის”, “ტორინოს”, “კროტონეს”, “ფიორენტინასა” და “ლაციოს” კარი მან ორ-ორჯერ აიღო.
მთლიანად მიმდინარე სეზონში მაურო იკარდის ანგარიშზე 20 გოლია და იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ის მხოლოდ “ტორინოს” თავდამსხმელ ანდრეა ბელოტის ჩამორჩება (22 გოლი).