კალათბურთი

11:55 | 13.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი ამჯერად მოკრძალებულ შედეგს დასჯერდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას XXIV ტური წარუმატებელი გამოდგა “მორაბანკ ანდორასთვის” და მისი ქართველი ლეგიონერებისთვის. ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმადინის გუნდი “მურსიასთან” სტუმრად განადგურდა – 53:77.

“ანდორას” სასტარტო ხუთეულში იყო შერმადინი, მაგრამ ქართველ ცენტრს ისეთი დამაჯერებელი თამაში ვეღარ გამოუვიდა, როგორსაც მიმდინარე სეზონში შეგვაჩვია. გიორგიმ ამჯერად 24:24 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა შესძინა საკუთარ გუნდს. ჩვენებურმა ხუთი ცდიდან სამჯერ ჩააგდო ორქულიანი, ხოლო საჯარიმო შვიდიდან ექვსი გამოიყენა. მიუხედავად დაბალშედეგიანობისა, შერმადინი თანაგუნდელთა შორის მაინც ყველაზე შედეგიანი და სასარგებლო მოთამაშე იყო.

რაც შეეხება ბურჯანაძეს – ბექამ 18:11 წუთში 9 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა ორი სამქულიანი ააცილა, ხუთიდან ხუთივე საჯარიმო ჩააგდო და ოთხიდან ორჯერ ორქულიანი სტყორცნა ზუსტად.

“მორაბანკ ანდორას” 22 შეხვედრაში 11 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და მერვე პოზიციას იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114748