კვიპროსის ჩემპიონატში ქართველებმა გაიტანეს გოლები. "ეთნიკოსმა" სტუმრად 3:5 წააგო "კარმიოტისასთან" და დამარცხებულთა შორის ერთი ბურთი ნიკა კაჭარავამ მიითვალა VIDEO, ხოლო ნიკოლაი ყიფიანმა (რუსეთის მოქალაქეა) დუბლი შეასრულა. ორივე მათგანმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო 61-ე წუთზე გიორგი ილურიძეც შევიდა მინდორზე.
19 მატჩი, 13 გოლი - ასეთია კაჭარავას შედეგიანობა კვიპროსის მიმდინარე სეზონში.
რუსულ პრემიერლიგაში მოსკოვის "სპარტაკმა" 1:0 მოუგო "ანჟის" და რვაქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ჯანო ანანიძემ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა და არცთუ ურიგოდ. ჯანოს წინა ტურში საერთოდ არ უთამაშია, ამჯერად კი დრო მიეცა და იმედია, შემდგომში პრაქტიკა მეტი ექნება. რაც შეეხება გიორგი ჯიქიას, ის "სპარტაკის" სათადარიგო გახლდათ.
სლოვაკეთის ჩემპიონატში გიორგი ბერიძის "ტრენჩინმა" 4:1 მოუგო "მიხალოვცეს". ქართველმა შემტევმა ერთი საგოლე პასი გააკეთა. ბერიძე სასტარტოში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. შეგახსენებთ, ქართველი სეზონის ბოლომდეა "ტრენჩინში" - ბელგიური "გენტისგან" განათხოვრებით. "ტრენჩინი" მოქმედი ჩემპიონია, ამჟამად კი მეხუთე საფეხურზეა.
მაკედონიაში "ვარდარმა" 2:0 აჯობა აუტსაიდერ "ბრეგალნიცას" და ექვსქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ჯაბა ჯიღაურმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. "ვარდარმა" გოლები ბოლო წუთებზე გაიტანა.
ესპანეთის სეგუნდა ბ-ში გიორგი აბურჯანიას "სევილია ბ" "ხიმნასტიკს" მასპინძლობდა და მატჩი 2:2 დასრულდა. აბურჯანიას ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში არ მოუწია... ჯერჯერობით, გიორგის სევილიურ კლუბში გადასვლას წარმატებულს ვერ უწოდებ. იმედია, შეიცვლება ვითარება.
პოლონეთში ნიკა ძალამიძის "ლეჩნამ" 2:2 ითამაშა მათე ცინცაძის "პოგონთან". ძალამიძე სასტარტოში იყო, 73 წუთი დაჰყო მინდორზე და საგოლე პასიც შეასრულა. ცინცაძემ კი ბოლო ნახევარი საათი ითამაშა. "ლეჩნა" ბოლო (მე-16) ადგილზეა, ხოლო "პოგონი" - მეათეზე.