ფეხბურთი

12:15 | 9.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: კიდევ ერთი გრანდი როსტოვში და ცენტრალური ჯახი “პარკ ოლიმპიკ ლიონზე”

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში “ნოუ კამპზე” ისეთი შეხვედრა შედგა, რომ მას მერე ევროპა ლიგაზე გადმოვართვა ძნელია. თუმცა, ამ ტურნირსაც თავისი ეშხი აქვს და დღეს რამდენიმე საინტერესო შეხვედრის მოლოდინში ვართ.

დღის ცენტრალური შეხვედრა “პარკ ოლიმპიკ ლიონზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი კლუბი “რომას” უმასპინძლებს. 1/16 ფინალური ეტაპი ორივემ იოლად გაიარა: ფრანგებმა “ალკმაარს” გადაუარეს, ხოლო იტალიელებმა “ვილიარეალი” გაანადგურეს.

მასპინძლები ევროპა ლიგაზე წარმატებული თამაშით მეტოქეზე უფრო მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რადგანაც ლიგა 1-დან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის აღარანაირი შანსი აქვთ და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს მხოლოდ ევროპა ლიგის მოგების შემთხვებაში დაუბრუნდებიან. ფრანგები დღევანდელ მატჩს დანაკლისის გარეშე ხვდებიან.

უკანასკნელი ერთი კვირა ძალიან წარუმატებელი გამოდგა “რომასთვის”: “მგლები” ჯერ იტალიის თასზე თანაქალაქელ “ლაციოსთან” დამარცხდნენ (0:2), ხოლო შემდეგ შინ “ნაპოლისთან” წააგეს და ლიდერ “იუვენტუსს” უკვე 8 ქულით ჩამორჩნენ. მართალია, დიდი ალბათობით რომაელები ჩემპიონთა ლიგის საგზურს ევროპა ლიგის გარეშეც მოიპოვებენ, თუმცა ტიტულის მოგებაზე პრეტენზიები მათაც გააჩნიათ და დღეს უშეღავათო ბრძოლის მომსწრენი უნდა გავხდეთ. იტალიელებს ტრავმების გამო სპინოზი და ფლორენცი დააკლდებათ, ხოლო რუდიგერი დისკვალიფიცირებულია.

ცნობისთვის, ეს კლუბები ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან: ერთი მატჩი “რომამ” მოიგო, ხოლო მეორე ფრედ დასრულდა.

მიმდინარე სეზონი ბედნიერია “როსტოვის” გულშემატკივრებისთვის. მათ ქალაქს ჩემპიონთა ლიგაზე “აიაქსი”, “ბაიერნი”, “ატლეტიკო” და პსვ ეწვივნენ, ხოლო ახლა უკვე “მანჩესტერ იუნაიტედის” ჯერი დადგა. ფავორიტები რასაკვირველია ინგლისელები არიან, თუმცა თუ იმას გავიხსენებთ, რომ როსტოვში “ბაიერნი” დამარცხდა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ “წითელ ეშმაკებს” იოლი გასეირნება არ ელით.

რუსეთის ჩემპიონატი ახლახანს განახლდა და გასაკვირი არაა, რომ “როსტოვს” ტრავმირებული მოთამაშე არ ჰყავს. “იუნაიტედს” კი, ჰენრიხ მხიტარიანი ჰყავს დაშავებული, ხოლო ერიკ ბაილი დისკვალიფიცირებულია.

ევროპა ლიგის ისტორიაში პირველად 1/8 ფინალში სამი ბელგიური კლუბია და აქედან ორი, “გენტი” და “გენკი” დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო “ანდერლეხტი” გასვლაზე “აპოელს” გაეჯიბრება.

ბელგიური დაპირისპირების გარდა, გერმანულ ჯახსაც ვიხილავთ. “შალკე” შინ “გლადბახს” ეთამაშება. საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ კლუბებმა ერთმანეთის წინააღმდეგ შაბათს ითამაშეს და “გლადბახმა” საკუთარ მოედანზე 4:2 მოიგო. დღევანდელ მატჩში მასპინძლებს ბაბა და ემბოლო ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან, ხოლო ნალდოს და უჩიდას თამაში საეჭვოა. სტუმრებს ნიკოლასი და ტრაორე ჰყავთ დაშავებული, კრამერი დისკვალიფიცირებულია, აზარის საკითხი კი, მატჩის წინ გადაწყდება.

“შახტარის” გამომგდები “სელტა”, ვიგოში კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენელს, რუსულ “კრასნოდარს” დაუპირისპირდება. “ოლიმპიაკოსი” საკუთარ მოედანზე “ბეშიქთაშს” დაუხვდება, ხოლო “კოპენჰაგენი” ამსტერდამის “აიაქსს” უმასპინძლებს.

22:00 აპოელი – ანდერლეხტი

მსაჯი: მანუელ დე სოუზა (პორტუგალია)

22:00 კოპენჰაგენი - აიაქსი

მსაჯი: რუი ტავარესი (პორტუგალია)

22:00 როსტოვი – მანჩესტერ იუნაიტედი

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

00:05 ლიონი – რომა

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

00:05 გენტი – გენკი

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

00:05 ოლიმპიაკოსი – ბეშიქთაში

მსაჯი: დენი მაკელიე (ჰოლანდია)

00:05 შალკე – გლადბახი

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

00:05 სელტა – კრასნოდარი

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

0.139079