ფეხბურთი

2:55 | 9.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

შესაძლებლად ქცეული შეუძლებელი და ფანტასტიკის 7 წუთი "კამპ ნოუზე" (+VIDEO)

კატალონიის “ბარსელონამ” შეუძლებელი შესაძლებლად აქცია – ლუის ენრიკემ დანაპირები შეასრულა და ფეხბურთის ისტორიაში საოცარი ფაქტის წინაშე დავდექით.

“ბარსელონამ” სამი კვირის წინ, პარიზში 0:4 განადგურების შემდეგ შეძლო და საკუთარ მოედანზე პსჟ-ს 6:1 აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა. აქამდე, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რომელიმე გუნდს 0:4 შემოებრუნებინოს, ახლა უკვე არის და მისი ავტორია – “ბარსელონა”.

საოცარი შეხვედრა გამოდგა – თავიდანვე მასპინძლები სერიოზულად მიუდგნენ საქმეს და უკვე მესამე წუთზე შეაგდეს. ლუის სუარესმა სტუმართა დაცვაში შექმნილი არეულობით ისარგებლა და კატალონიელთა იმედს ფრთები შეასხა. “ბარსა” ამის მერე კიდევ უფრო დიდ უპირატესობას დაეუფლა, ფრანგებს კი არაფერი გამოსდიოდათ, თითქოს მოედანზე არც იყვნენ. ტაიმის მიწურულს კი, მარკინიოსმა უდიდესი წვლილი დაიდო მეორე გოლში: ბრაზილიელმა მცველმა იმდენი ქნა, სანამ ანდრეს ინიესტან სახიფათოდ ქუსლით არ ჩააწოდა და იქ “შესაშურად” გაისარჯა ლაიუნ კურზავა – ფრანგმა მცველმა იმის მაგივრად, რომ ბურთი საჯარიმოდან მოეცილებინა, ერთი შეხებით მშვენირი გოლი მიითვალა – 2:0. შესვენებაზე “ბარსა” ასეთი სხვაობით გავიდა და ბუნებრივია, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაიტოვა.

მეორე ნახევარიც ზუსტად ისე დაიწყო, როგორც თამაში – შესაბამისად, 50-ე წუთზე ლიონელ მესიმ პენალტით სხვაობა სამამდე გაზარდა და “პარი სენ ჟერმენის” პირველ თამაშში მოპოვებული უპირატესობიდან თითქმის არაფერი დარჩა. სხვათა შორის, ძალზე საეჭვო იყო თერთმეტრიანის ეპიზოდი: მუნიეს მისდა ბედად ფეხი დაუცდა და წაქცეულ ბელგიელს ნეიმარი გამოედო. დენი აიტეკინი თერთმეტრიანს არ ნიშნავდა, მაგრამ დამხმარე მსაჯმა გადაწყვეტილება შეაცვლევინა. უნაი ემერი და სრულიად პსჟ დამფრთხალი თამაშობდა, თუმცა ნელ-ნელა ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა შეძლეს. ედინსონ კავანის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ძელს გაარტყა. თუმცა, 62-ე წუთზე ურუგვაელმა ფორვარდმა კურზავას თავურის შემდეგ ერთი შეხებით მოხდენილი გოლი შეაგდო და თითქოს ყველა კითხვას პასუხი გაეცა – “ბარსელონას” კიდევ სამი სჭირდებოდა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ამიტომაც იყო, რომ მასპინძლები ისე გულიანად ვეღარ უტევდნენ. თითქოს თამაში დაწყნარდა და ყველაფერი დასასრულისკენ მიდიოდა. ასეც მოხდებოდა რომ არა კავანისა და ანხელ დი მარიას დაუდევარი თამაში – ორივე შემტევი მეკარესთან პირისპირ დარჩნენ ორჯერ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ძალიან რეალური მომენტი ქარს გაატანეს – კავანის ტერ შტეგენმა აჯობა, დი მარიამ საერთოდ კარს ააცილა. მიუხედავად ამისა, სტუმართათვის საგანგაშო უკვე აღარაფერი იყო. და მაინც, 88-ე წუთზე ნეიმარმა დიდებულად დაარტყა საჯარიმო და 4:1. შეხვედრის ბოლო წუთზე კი, აიტეკინი ლუის სუარესის ფინტს წამოეგო: ურუგვაელს მარკინიოსი ნამდვილად არ შეხებია, მაგრამ მსაჯმა მაინც პენალტის დანიშნვნა გადაწყვიტა, გოლი კი, ნეიმარმა შეაგდო – 5:1. ეს კი, იმას ნიშნავდა, რომ კატალონელებს ერთი გოლი ჰყოფნიდათ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. გერმანელმა მსაჯმა მატჩს 5 წუთი დაამატა. “ბარსა” შტურმზე წავიდა, მაგრამ რეალური მომენტი არ შეუქმნია. ბოლოსწინა წუთზე სტუმართა კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა საჯარიმოში ტერ შტეგენი აღმოჩნდა. სწორედ გერმანელის ამ მანევრმა ითამაშა გადაწყვეტი როლი – მართალია ხსენებულ სტანდარტს შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ ტერ შტეგენმა მეტოქის ნახევარზე ჯარიმა მოიპოვა და... სწორედ ამ გათამაშებულ სტანდარტს მოჰყვა ისტორიული გოლი – ნეიმარის დიდებული პასი სერხი რობერტომ გოლად აქცია და “კამპ ნოუ” დაინგრა – “ბარსელონა” შემდეგ ეტაპზეა.

პსჟ-მ კი, რაც მოხდა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. შეხვედრას ყავდა ანტიგმირები კავანის (ნაწილობრივ), მარკინიოსის, კურზავასა და დი მარიას სახით, მაგრამ ახლა გმირებზე ვთქვათ: პირველ რიგში რაღა თქმა უნდა, მთლიანად “ბარსელონა”, მაგრამ გამორჩეულად ლუის ენრიკე, სერხი რობერტო, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ყველაზე მეტად ნეიმარი. ბრაზილიელმა 7 წუთსა და 16 წამში(!) დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემა მიითვალა. სწორედ ზემოხსენებული დრო დასჭირდა “ბარსას” დაუვიწყარი თამაშის შესაქმნელად – ღმერთი დღეს კატალონიელი იყო!

“ბარსელონა” – “პარი სენ ჟერმენი” 6:1 (2:0) VIDEO

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

მაყურებელი: 96 290

“ბარსელონა” (3-4-3): ტერ შტეგენი; მასკერანო, პიკე, უმტიტი; რაფინია (სერხი რობერტო 76), რაკიტიჩი (ანდრე გომესი 84), ბუსკეტსი, ინიესტა (არდა თურანი 65); მესი, სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): ტრაპი; მუნიე (კრიხოვიაკი 90), მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა; რაბიო, ვერატი, მატუიდი; ლუკასი (დი მარია 55), კავანი, დრაქსლერი (ორიე 75)

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 სუარესი (3), 2:0 კურზავა (40, ა.გ), 3:0 მესი (50, პენ), 3:1 კავანი (62), 4:1 ნეიმარი (88), 5:1 ნეიმარი (90, პენ) 6:1 სერხი რობერტო (90)

გაფრთხილება: პიკე (23), ბუსკეტსი (36), რაკიტიჩი (61), ნეიმარი (64), სუარესი (67) – მატუიდი (5), დრაქსლერი (14), კავანი (43), მარკინიოსი (90), ვერატი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 7 (3) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

0.318019