ფეხბურთი

2:57 | 8.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გერმანული მანქანა დაიძრა, "მეთოფეები" ვეღარ ისვრიან (+VIDEO)

სასწაულები არ ხდება – ყოველშემთხვევაში მაშინ, როდესაც აღნიშნული სასწაული მიუნხენის “ბაიერნს” უნდა შესთავაზო – “რეკორდმაისტერი” მეოთხედფინალშია და აქამდე რაც ვნახეთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტია. გერმანულმა გიგანტმა “ალიანს არენაზე” დაწყებული საქმე ლონდონში გააგრძელა და დაასრულა.

არადა, მიუნხენური თამაშისა არ იყოს, დღესაც “არსენალმა” პირველი ტაიმი ბევრი იბრძოლა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მრისხანე მეტოქეს და საერთოდ, მოუგო კიდეც საწყისი ნახევარი, მაგრამ... სამი კვირის წინ, როდესაც მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, ლორან კოშელნიმ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. მისი მოედნიდან გასვლის მერე კი, “არსენალის” დაცვა მთლიანად მოიშალა და 4 ბურთი გაუშვა. დაახლოებით იგივე განმეორდა დღესაც: კოშელნიმ ისევ მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა მოედნიდან, ოღონდ ამჯერად გაძევების გამო. “ბაიერნი” ადგა და უმისდო დარჩენილ “მეთოფეთა” დაცვას 5(!) გოლი გაუტანა... რაღა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ფრანგს ორივე თამაში თავიდან ბოლომდე რომ ეთამაშა, “ბაიერნი” შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდოდა, მაგრამ ფაქტი, ფაქტად რჩება, რომ კოშელნის გარეშე მყოფმა “არსენალმა” 9 გოლი გაუშვა...

არსენ ვენგერს კი, კრიტიკოსები არ აკლდა და ახლა ხომ საერთოდ – დღესაც ბევრი ბანერი ვნახეთ, რომელზეც ერთი და იგივე შინაარსის წარწერები იყო: ვენგერის გადადგომა. რას აპირებს ფრანგი ჯერ არ ვიცით, მაგრამ მისი ხასიათიდან გამომიდნარე ძნელად გამოსაცნობიც არ უნდა იყოს. რაც შეეხება “ბაიერნს” – ახალი არაფერი გვინახავს – კარლო ანჩელოტის მანქანა დაიქოქა ჩვეულ სტილში და ძნელად სავარაუდოა ვინ უნდა გამოიყვანოს წყობიდან.

რაც შეეხება სათამაშო ეპიზოდების აღწერას – ყველამ ყველაფერი ნახა და დასაწერიც არაფერია. ერთი გუნდი მეორეზე ბევრად მაღლა იდგა. ერთი ზენიტშია, მეორე –უფსკრულში... “ბაიერნი” ახლა მეოთხედფინალშია და შეუძლიათ თავის მეტოქეს მშვიდად დაელოდოს, რომელიც 17 მარტს, წილისყრისას გაირკვევა.

“არსენალი” – “ბაიერნი” 1:5 (1:0) VIDEO

ლონდონი, “ემირეითს სთედიუმი”

მაყურებელი: 59 911

“არსენალი” (4-3-3): ოსპინა; ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი; ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჯაკა, რემზი (კოკელნი 72); უოლკოტი, სანჩესი (პერესი 73), ჟირუ (იოზილი 72)

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; რაფინია, მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა; ვიდალი, ჩაბი ალონსო; რობენი (დუგლას კოშტა 71), ტიაგო ალკანტარა (რენატუ სანჩესი 79), რიბერი (კიმიხი 79); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0 უოლკოტი (20), 1:1 ლევანდოვსკი (55, პენ), 1:2 რობენი (68), 1:3 დუგლას კოშტა (78), 1:4 ვიდალი (80), 1:5 ვიდალი (85)

გაფრთხილება: უოლკოტი (39), ოქსლეიდ ჩემბერლენი (61), ჯაკა (79) – ალაბა (39), მარტინესი (44)

გაძევება: კოშელნი (53)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 16 (7) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

0.181892