ჭიდაობა

21:30 | 7.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმა ევროპის რვეული შეავსეს

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა საქართველოს 2017 წლის ჩემპიონ-პრიზიორები რვავე წონით კატეგორიაში გამოავლინეს. დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საპრიზო სამეულები 61, 70, 86 და 125 კილოგრამებში შეივსო და ამ ოთხი წონიდან სამში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გორის საჭიდაო სკოლის წარმომადგენლები ავიდნენ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61 კგ), დავით ტლაშაძემ (70 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) კიდევ ერთხელ დაამტკიცეს შიდა კონკურენციაში თავიანთი უპირატესობა და ტიტულთან ერთად საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრაც გაინაღდეს. 86-ში კი ყველას დავით მარსაგიშვილმა აჯობა.

ხინჩეგაშვილი 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონია და ამ ტიტულის შენარჩუნებას, მაისში გასამართ ევროპირველობაზე შეეცდება. საქართველოს ნაკრების ლიდერმა დღეს, ფინალში, ქუთაისელ ბექა ლომთაძესთან პირველსავე პერიოდში მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა - 3:0 დაწინაურდა. მეორე სამწუთეულში კი არც თავად აუღია ქულა და არც მეტოქეს მისცა ამის საშუალება.

ევროპის ვიცეჩემპიონმა დავით ტლაშაძემ საქართველოს ჩემპიონის შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. გადამწყვეტ ბრძოლაში მან ჭაბუკებს შორის მსოფლიოს ჩემპიონ ომარ გურჯიძეს 6:1 მოუგო.

86 კილოგრამის შიდა კონკურენცია საქართველოს შარშანდელი ჩემპიონატის მსგავსად, დავით მარსაგიშვილისა და ირაკლი მწითურის დაპირისპირებით და იგივე შედეგით დასრულდა. ევროპის 2-გზის ჩემპიონმა, ოლიმპიურმა და მსოფლიოს პრიზიორმა მარსაგიშვილმა ნაკლებად გამოცდილ მეტოქეს 8:3 მოუგო, თუმცა საკმაოდ გაუჭირდა. მეორე პერიოდის შუაწელს მწითურმა სამქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, მაგრამ შეხვედრის სათავისოდ შეტრიალება მაინც ვერ შეძლო და ვერცხლს დასჯერდა.

ამავე წონაში, საქართველოს ნაკრების წევრი, ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი სანდრო ამინაშვილი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას პირველივე წრიდან გამოეთიშა, ირაკლი მწითურთან მარცხით. რეპეშაჟში კი ფინალამდე მივიდა და იქ ნოდარ ეგაძეს სძლია (6:2).

მძიმე წონის გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს ევროპის მოქმედი გენო პეტრიაშვილი და 23-წლამდელთა ევროპირველობის პრიზიორი გიორგი მეშვილდიშვილი დაუპირისპირდნენ. თანაბარ, მაგრამ უილეთო შეხვედრაში ოქროს მედლის ბედი ერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, პეტრიაშვილის სასარგებლოდ.

ევროპის ჩემპიონატს 2-7 მაისს, სერბეთის ქალაქი ნოვი სადი უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე ევროხალიჩაზე საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტებულ გუნდს გაიყვანს.

თავისუფალი ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

6-7 მარტი

57 კგ

1 ოთარ გოგავა (ხონი)

2 ბექა ბუჯიაშვილი (გორი)

3 ლაშა ლომთაძე (ქუთაისი)

3 ლაშა ტალახაძე (ხაშური)

61 კგ

1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)

2 ბექა ლომთაძე (ქუთაისი)

3 გიორგი რევაზიშვილი (მცხეთა)

3 მურთაზ კვესაძე (ქუთაისი)

65 კგ

1 ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)

2 კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)

3 კახა ელბაქიძე (გორი)

3 ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური)

70 კგ

1 დავით ტლაშაძე (გორი)

2 ომარ გურჯიძე (ქუთაისი)

3 გიორგი სანოძე (ხონი)

3 გიორგი ლობჟანიიიძე (თბილისი)

74 კგ

1 ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)

2 იაკობ მაქარაშვილი (თბილისი)

3 ნიკოლოზ კენჭაძე (ამბროლაური)

3 ტარზან მაისურაძე (სტეფანწმინდა)

86 კგ

1 დავით მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)

2 ირაკლი მწითური (თბილისი)

3 დავით ხუციშვილი (საგარეჯო)

3 სანდრო ამინაშვილი (თბილისი)

97 კგ

1 ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)

2 ზვიად მეტრეველი (ონი)

3 მამუკა კორძაია (აჭარა)

3 გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)

125 კგ

1 გენო პეტრიაშვილი (გორი)

2 გიორგი მეშვილდიშვილი (ონი)

3 ომარ გუსოშვილი (გორი)

3 ზურაბ ახობაძე (სამტრედია)

0.123511