ფეხბურთი

19:17 | 7.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრობლემები არც სერბეთს აკლია   

ახლოვდება 24 მარტი და საქართველო-სერბეთის შესარჩევი მატჩი. ქართველ ლეგიონერებზე გაწვდით ინფორმაციებს და საინტერესოა, როგორ ფორმაში არიან სერბეთის ნაკრების ფეხბურთელები. აღმოჩნდა, რომ სათამაშო პრაქტიკის მხრივ, პრობლემები მათაც აქვთ - არა იმდენად, რამდენადაც ქართველებს, თუმცა მაინც პრობლემები.

"ჩვენი საუკეთესო მეკარე სტოიკოვიჩი "ნოტინგემ ფორესტის" სათადარიგოთა სკამზეა. ზოგჯერ სკამზეც ვერ ხვდება. სტოიკოვიჩმა დაკარგა კლუბის ნომერი პირველი მეკარის სტატუსი, რაც ნაკრებისთვისაც ცუდია. საინტერესოა, სლავოლიუბ მუსლინი ისევ მას დააყენებს თუ სლობოდან რაიკოვიჩს ენდობა? რაიკოვიჩი თელ-ავივის "მაკაბიში" სულ თამაშობს" - წერს სერბული Sportske.net.

სერბეთის ნაკრების საუკეთესო მცველებსაც არ უდგათ საუკეთესო პერიოდი თავიანთ კლუბში. რუკავინა "ვილიარეალში" მეტწილად უთამაშებელია, ნაკრების კაპიტანი ბრანისლავ ივანოვიჩი კი, გეცოდინებათ, ვერც "ზენიტში" ათამაშდა. დაკარგა ადგილი "ჩელსიში" და არც "ზენიტში" ენდობიან. ნიკოლა მაქსიმოვიჩიც, "ნაპოლიში" სათამაშო დროის დაახლოებით 30 პროცენტს ატარებს მოედანზე. რაც შეეხება მატეია ნასტასიჩს, ის დისკვალიფიცირებულია და თბილისში ვერ ითამაშებს.

აი, სერბეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ბოლო შესარჩევ მატჩში (უელსთან 1:1): სტოიკოვიჩი - რუკავინა, ივანოვიჩი, მაქსიმოვიჩი, ნასტასიჩი - ობრადოვიჩი, კოსტიჩი, მატიჩი, მილოვოევიჩი, ტადიჩი - მიტროვიჩი.

მეკარესა და დაცვის ოთხეულს თუ შევხედავთ, სერბეთის ნაკრებს დალხენილად არ აქვს საქმე. სათამაშო პრაქტიკა მოაკლდათ. მუსლინი დილემის წინაშეა - ან გამოცდილები და უთამაშებლები, ან ახლები.

ნახევარდაცვაშიც, ფილიპ კოსტიჩი ("ჰამბურგი") ბოლო დროს შეცვლებზე უფრო შედის, ივან ობრადოვიჩს ("ანდერლეხტი") კი მცირე ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, საქართველოსთან მატჩი გაუცდეს.

ალექსანდრ მიტროვიჩი "ნიუკასლში" ხან თამაშობს, ხან - არა. შეიძლება ითქვას, 50-პროცენტიანი სათამაშო დრო აქვს. რაც შეეხებათ ტადიჩსა და მატიჩს, მათ პრაქტიკის ნაკლებობა არ აწუხებთ და ნაკრებშიც თითქმის გარანტირებული აქვთ სასტარტოში ადგილი.

ნასტასიჩი ვახსენეთ და ნახევარმცველი კატაიც ("ალავესი") დისკვალიფიცირებულია. ტრავმა, ობრადოვიჩთან ერთად, ფეისასაც ("ბენფიკა") აწუხებს.

"როგორც ხედავთ, სიტუაცია იდეალურისგან შორსაა. დიდი შანსია, თბილისში ახალი სახეები ვნახოთ. შედეგიანია პაოკ-ის ფორვარდი ალექსანდრ პრიოვიჩი. ალბათ, მოვიდა დრო, ანდრეა ჟივკოვიჩი და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ათამაშონ. ასევე, უროს ჯურჯევიჩსაც მიეცეს შანსი" - წერს სერბული საიტი.

შეგახსენებთ, სერბეთს ჯგუფში ორი მოგება და ორი ფრე აქვს, საქართველოს კი - ორი ფრე და ორი მარცხი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166771