ფეხბურთი

21:26 | 5.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: კვირკველიას წარმატებული დებიუტი

რუსული პრემიერლიგა: სოლომონ კვირკველიას დებიუტი ჰქონდა მოსკოვის "ლოკომოტივში" და 90 წუთიც ითამაშა გიორგი ლორიას "კრილიასთან". მოსკოველებმა ლორიას გუნდს სტუმრად 3:0 მოუგეს. "ლოკომოტივი" მეცხრე საფეხურზეა, ხოლო "კრილია" - მეთოთხმეტეზე (ბოლოდან მესამეზე).

"ლოკოს" მწვრთნელი იური სიომინი კმაყოფილი დარჩა ახალწვეული ქართველი მცველის თამაშით: "კვირკველია, ბარინოვი და არი სასტარტოში დავაყენე. სოლომონი სასარგებლო იყო, საჰაერო ორთაბრძოლების უმრავლესობაც მოიგო".

თორნიკე ოქრიაშვილმა "კრასნოდარი"-"სპარტაკის" შეხვედრაში (2:2) ბოლო 20 წუთი ითამაშა და საგოლე მომენტიც ჰქონდა, მარტო დარჩა მეკარესთან, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და გოლკიპერმა იოლად აიღო. აი, "სპარტაკის" შემადგენლობაში კი ჯანო ანანიძეს არ უთამაშია - სათადარიგო იყო. მოსკოველები ლიდერები არიან, "კრასნოდარი" კი მეხუთეზეა.

"ურალმა" შინ 1:0 მოუგო "ამკარს" და მეთორმეტე პოზიციაზეა. ჯიმი ტაბიძე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია, ხოლო გიორგი ჭანტურიას, როგორც იცით, ტრავმა აწუხებს. ჭანტურია დაახლოებით ორ თვეში დაიწყებს ვარჯიშს.

მაკედონიაში ჯაბა ჯიღაურის "ვარდარმა" 1:2 წააგო "პობედასთან". ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. "ვარდარი" 6-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.

უკრაინაში ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" სტუმრად 2:1 მოუგო "ვორსკლას". ლიპარტია სასტარტოში იყო და 77 წუთი ითამაშა. "ზორია" მესამე ადგილზეა.

0.116903