სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:00 | 5.03.2017 | ნანახია 1549 - ჯერ

"მონაკო" VS "მანჩესტერ სიტი" - სტატისტიკა, ფაქტები, ისტორია

“მანჩესტერ სიტისა” და “მონაკოს” პირველმა მერვედფინალურმა მატჩმა საფეხბურთო საზოგადოებას დიდი სიამოვნება მიანიჭა. ორივე გუნდმა ჩინებული ფეხბურთი აჩვენა და საბოლოოდ უხვგოლიან შეხვედრაში გამარჯვება ინგლისელებს დარჩათ – 5:3.

ორბურთიანი უპირატესობა კი, საპლეი-ოფო სტადიაზე ყოველთვის სოლიდურია და წესით, “მონაკოს” მომდევნო ეტაპზე გასვლა ძალზე უნდა გაუჭირდეს. მიუხედავად ამისა, “მონეგასკების” ჩამოწერა არ ივარგებს.

აღნიშნული თამაშის წინასამატჩო პერიპეტიებზე ბუნებრივია, WORLDSPORT.GE შეხვედრის კონკრეტულ დღეს უფრო დაწვრილებით ისაუბრებს, მაგრამ მანამდე გავეცნოთ საინტერესო ფაქტებს, დეტალებს, სტატისტიკურ მონაცემებსა და ისტორიას.

აქვე გეტყვით, რომ უეფას ტურნირებში ანგარიში 5:3 10-ჯერ დაფიქსირებულა. აქედან 6 შემთხვევაში (60%) მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გავიდა, რომელმაც პირველი თამაში საკუთარ მოედანზე ჩაატარეს, ხოლო დანარჩენ 4 შემთხვევაში წარმატება წილად იმ გუნდს ხვდა, რომელმაც მეორე თამაში გამართეს საკუთარ მოედანზე.

ურთიერთშეხვედრები

“მონაკო” და “მანჩესტერ სიტი” ისტორიაში მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. შესაბამისად, ამ გუნდთა შორის აქამდე ერთადერთი შეხვედრა ახსოვს ისტორიას – “ქალაქელებმა” 5:3 მოიგეს.

სტატისტიკა

“მონაკო”

“მონაკოს” შანსი აქვს მეოთხედფინალში მეორედ გავიდეს ბოლო სამ სეზონში. ორი წლის წინ, “თავადებმა” ლონდონის “არსენალს” აჯობეს ამავე ეტაპზე (3:1, 0:2).

მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე “მონაკომ” 5 თამაში ჩაატარა და წაუგებელია: 4 მოგება, 1 ფრე. მათ შორის, ორი მატჩი იყო საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც “ფენერბაჰჩესა” და “ვილიარეალს” მოუგო.

მიმდინარე სეზონში “მონაკომ” ჯგუფურ ეტაპზე უკვე დაამარცხა ერთი ინგლისური გუნდი – “ტოტენჰემს” შინაც მოუგო და გასვლაზეც, ერთნაირი ანგარიშით – 2:1.

“მონაკო” ინგლისურ გუნდებთან საკუთარ მოედანზე ასეთი სტატისტიკური მონაცემით იწონებს თავს: 5 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება.

“მონეგასკებმა” იმ 20 შემთხვევიდან, როდესაც პირველი თამაში გასვლაზე წააგეს, შემდეგი ეტაპის საგზური მხოლოდ 7 შემთხვევაში მოიპოვეს. თუმცა, როდესაც სტუმრად ორი ბურთის სხვაობით წააგო, მომდევნო ეტაოზე 6 ცდიდან ერთადერთხელ გავიდა – 2003-2004 წლების სეზონში “რეალთან” 2:4 მარცხის მერე, დიდიე დეშამის გუნდმა შინ 3:1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

“მონაკო” პენალტების სერიაში – 1 მოგება, 0 წაგება:

1989-1990 – თასების თასი, მეოთხედფინალი, “ვალიადოლიდი”, 3:1.

“მანჩესტერ სიტი”

“სიტის” შანსი აქვს ზედიზედ მეორედ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. შარშან ინგლისური გუნდი ნახევარფინალამდე მივიდა.

მიმდინარე სეზონში “ქალაქელებს” გასვლაზე არ მოუგიათ – 2 ფრე, 1 წაგება.

გასულ სეზონში “სიტიმ” მეორე ფრანგული გუნდი, პსჟ დაამარცხა პლეი-ოფში: 2:2, 1:0.

გარდა ამისა, მანჩესტერელბს ერთადერთხელ მოუწიათ ფრანგულ გუნდთან თამაში და მაშინაც მეტოქე პსჟ იყო – 2008-2009 წლების სეზონში, უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე. თამაში გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

პეპ გვარდიოლამ მერვედფინალში გამარჯვება 7 ცდიდან შვიდჯერვე შეძლო, როდესაც “ბარსელონასა” და “ბაიერნს” ავარჯიშებდა.

“მანჩესტერ სიტიმ” მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლო მაშინ, როდესაც პირველი თამაში სახლში მოიგო: 6-დან ხუთჯერ. ერთადერთი გამონაკლისი 1976-1977 წლების სეზონში დაფიქსირდა: მაშინ “იუვენტუსმა” მანჩესტერში 0:1 წააგო, მაგრამ შინ 2:0 დაამარცხა “სიტი”.

“მანჩესტერ სიტი” პენალტების სერიაში – 2 მოგება, 0 წაგება:

2008-2009 – უეფას თასი, მეორე ეტაპი, “მიდტიულანდი”, 4:2.

2008-2009 – უეფას თასი, მერვედფინალი, “ოლბორგი”, 4:3.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

პეპ გვარდიოლა ფრანგულ გუნდს 1997 წლის შემდგომ პირველად დაუპირისპირდება. მაშინ, ფეხბურთელმა პეპმა პსჟ-ს თასების თასის ფინალში მოუგო (1:0). ხოლო “მონაკოსთან” 1993-1994 წლების სეზონში იმარჯვა (2:0, 1:0).

ლეონარდო ჟარდიმი ინგლისურ გუნდს პირველად “ბრაგას” მთავარი მწვრთნელის რანგში დაუპირისპირდა – “ბირმინგემ სიტის” ევროპა ლიგაზე 2011-2012 წლების სეზონში (3:1, 1:0). მომდევნო სეზონში კი, უკვე “ოლიმპიაკოსის” თავკაცის რაგნში “არსენალსაც” გაეჯიბრა – 1:3, 2:1.

იაია ტურე 2006-2007 წლების სეზონში “მონაკოში” თამაშობდა და ლიგა 1-ში 27 შეხვედრა ჩაატარა.

ბაქარი სანია “მონაკოს” ხუთჯერ დაუპირისპირდა, როგორც “ოსერის” ფეხბურთელი (2 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება).

“პორტუს” მაისურით ჟოაო მოუტინიოს “სიტი” 4:0 ჰყავს დამარცხებული 2012 წლის 22 თებერვალს. პორტუგალიელთა რიგებში მაშინ ფერნანდო და ნიკოლას ოტამენდიც თამაშობდნენ.

2015 და 2016 წლებში “სიტის” წინააღმდეგ ითამაშა რადამელ ფალკაომ, ჯერ “მანჩესტერის” ფეხბურთელის რანგში, მერე “ჩელსის”.

ფალკაოს ინგლისური გუნდების, “არსენალისა” და “ჩელსის” კარში გაუტანია გოლი მაშინ, როდესაც “პორტუსა” და “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა.

ჯიბრილ სიდიბეს საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი მაშინ ჰქონდა, როდესაც ბაქარი სანია შეცვალა 2016 წელს, ბულგარეთთან მატჩში.

ალექსანდრ კოლაროვს საფრანგეთის ნაკრების კარი აქვს დალაშქრული 2014 წელს ამხანაგურ მატჩში.

ერთად უთამაშიათ

ფერნანდოს, ნიკოლას ოტამენდის, ჟოაო მოუტინიოსა და რადამელ ფალკაოს (“პორტუში”).

ბაქარი სანიასა და ჯიბრილ სიდიბეს (საფრანგეთის ნაკრებში).

ფერნანდინიოსა და ფაბინიოს (ბრაზილიის ნაკრებში).

“მონაკო” -“მანჩესტერ სიტი”

15 მარტი, 23:45 საათი

მონტე კარლო, "ლუი II"

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სტატისტიკა
0.361279