დასრულდა მოჭადრაკე ქალთა შორის მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ანა მუზიჩუკი(2558, უკრაინა) და ტან ჟონგი(2502, ჩინეთი) ხვდებოდნენ. 3.5:2.5 გაიმარჯვა ჟონგმა, რომელმაც დედოფლის გვირგვინი პირველად დაიდგა.
ფინალური დაპირისპირების ოთხმა კლასიკურმა პარტიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. ტაი-ბრეიკის პირველ პარტიაში ყაიმი დაფიქსირდა მეორე კი ჟონგმა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.
აღნიშნულ ჩემპიონატს, რომელშიც 64 მოჭადრაკე მონაწილეობდა 10 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით ირანის დედაქალაქი თეირანი მასპინძლობდა. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.
ამ ჩემპიონატში, სხვადასხვა მიზეზის გამო არ მონაწილეობდნენ ქალთა ჭადრაკის რეიტინგ ფავორიტი და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ჰოუ იფანი(ჩინეთი), ექს-ჩემპიონი მარია მუზიჩუკი(უკრაინა) და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკე ჰამპი კონერუ(ინდოეთი). ამხელა დანაკლისის მიუხედავად ჟონგის გაჩემპიონებას ვერავინ წარმოიდგენდა, რადგან იგი მსოფლიოს 10 საუკეთესო მოჭადრაკე ქალთა შორისაც კი არ იმყოფება. შეიძლება ითქვას, რომ ჟონგმა მისი გაჩემპიონებით სენსაცია მოახდინა.
რამდენიმე თვეში შედგება მატჩ რევანში აწ უკვე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ტან ჟონგსა და ტიტულის მაძიებელ, 2015-2016 წლების გრან პრის გამარჯვებულ, კიდევ ერთ ჩინელ მოჭადრაკე ჟუ ვენჯუნს(2583) შორის.
შეიძლება ითქვას, რომ ჩინელი მოჭადრაკე ქალები დედოფლის გვირგვინს არ თმობენ. ჰოუ იფანის არყოფნის მიუხედავად მათ მაინც შეძლეს ტახტის შენარჩუნება და არც უახლოეს მომავალში აპირებენ მის დათმობას.
შეგახსენებთ, რომ ამ ჩემპიონატზე რვა ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ნინო ხურციძე, სოფიკო გურამიშვილი, ბელა ხოტენაშილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია და სოფიკო გვეტაძე მონაწილეობდა. მათგან ყველაზე კარგი შედეგი ძაგნიძემ აჩვენა, რომელიც მეოთხედფინალში ჰარიკა დრონოვალთან დამარცხდა.