კალათბურთი

13:15 | 3.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია მოედანს 11 ქულით დაუბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური „ბასკონიას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ქართველი კალათბურთელი ბასკონიელებს ევროლიგის მატჩში მილანის „ემპორიო არმანისთან“ დაეხმარა და გამარჯვებაშიც სოლიდური წილი დაიდო.

ბასკონიელებმა საბოლოოდ 87:74 იმარჯვეს. შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე 17:43 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. თორნიკემ 3-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა.

ბასკური კლუბის მხრიდან 10-ქულიან ზღვარს ფრანგი კიმ ტილი (19), უნგრელი ადამ ჰანგა (18) და ამერიკელები ჩეიზ ბადინგერი (13) და შეინ ლარკინიც (13) ასცდნენ, ამ უკანასკნელმა კი აქტივს 11 პასიც წაამატა.

13 მოგებითა და 11 მარცხით „ბასკონია“ მე-7 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 9 მარტს, სტამბოლში „ფენერბაჰჩსთან“ გამართავს.

gbf.ge

0.112509