სხვა

18:50 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მემორანდუმი საქართველოსა და უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს შორის

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ახალგაზრდობის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმი 2 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა იგორ ჟდანოვმა. მინისტრების შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი და მინისტრის მოადგილეები - შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძე.

ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით - "ყველას კარგად მოეხსენება, რომ უკრაინა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და წარმატებული ქვეყანაა სპორტული შედეგების მიხედვით. ბუნებრივია, ჩვენს სპორტსმენებს დიდად წაადგებათ უკრაინელებთან ერთობლივი სპორტული შეკრებები და ორმხირივ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. მათ შორის, ჩვენ ვგეგმავთ სუამის სამიტის ფარგლებში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და ერთობლივი ჩემპიონატებისა და შეჯიბრებების გამართვას.

ჩვენს სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმი სწორედ რომ ხელს შეუწყობს ერთის მხრივ სპორტის განვითარებას და მეორეს მხრივ, ახალგაზრდული ორგანიზაციების კიდევ უფრო დაახლოვებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ვფიქრობ, ასეთი ფორმატი საშუალებას მოგვცემს სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხითაც წარმატებული ნაბიჯები გადავდგათ, კონკრეტული ნაკრებები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში და ქართველ სპორტსმებებთან ერთად გაიარონ ერთობლივი შეკრებები."

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ორი ქვეყნის თანამშრომლობა, ფიზიკური კულტურის, ახალგაზრდობის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მოხალისეობრივი, საკანონმდებლო, ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. მემორანდუმის გაფორმება ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადანაცვლებას.

"ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში, რაც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქართველი და უკრაინელი ახალგაზრდების ურთიერთობებს, ასევე გაცვლითი პროგრამების განხორციელებას როგორც სპორტის, ასევე ახალგაზრდობის მიმართულებებით. ჩვენ მდიდარი კულტურული ფასეულობები გაგვაჩნია და ვფიქრობ მათი გაზიარება და ასევე ერთობლივი სპორტული და ახალგაზრდული პროექტების განხორციელება სიკეთის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან საუბარი გვქონდა კონკრეტულ პროექტებზეც, მაგალითად 2017 წლის სექტემბერში ტორონტოში დაგეგმილია საბრძოლო მოქმედებების დროს დაზარალებულთა შორის სპორტული თამაშები, სადაც უკრაინის ნაკრებიც იღებს მონაწილეობას. ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ამ თამაშებისთვის უკრაინელმა სამხედროებმა საქართველოში გაიარონ სპორტული წვრთნები და ასევე ჩატარდეს ამხანაგური მატჩი ფეხბურთში საქართველოსა და უკრაინის გუნდებს შორის.

ზოგადად, მსურს განვაცხადო, რომ საქართველო და უკრაინა დიდი ხანია მეგობრობენ და მჭიდროდ თანამშომლობენ ერთმანეთთან არაერთი მიმართულებით. ჩვენ აქტიურად გიჭერდით მხარს, როდესაც რუსეთის მხრიდან აგრესიას ჰქონდა ადგილი საქართველოში და ასევე ქართველები გვედგნენ მხარში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას. ასევე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელება." -
განაცხადა იგორ ჟდანოვმა.

აღსანიშნავია რომ უკრაინული მხარის ინიციატივით კიევში სულ ახლახანს გაიმართა სუამის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დელეგაციაც. საქართველოს მხრიდან გამოთქვა ინიციატივა საქართველოში სუამის წევრი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკების ჩატარების თაობაზე.

ამ მხრივ, გამოსარჩევია საქართველოსა და უკრაინის მრავალწლიანი მეგობრული თანამშრომლობა ყველაზე მძიმე პერიოდებში, კონკრეტულად 2014 წელს, როდესაც საქართველომ უმასპინძლა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ახალგაზრდებს „მომავლის ბანაკში", რამაც ხელი შეუწყო მათი რეაბილიტაციისა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112292