თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მედიასთან ისაუბრა. ფიფიამ ჟურნალისტებს ახალი მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა წარუდგინა, თუმცა, მთავარი რაც მან გააჟღერა, სხვა რამ იყო – ფიფიას განცხადებით, “დინამოს” ბაზა ადგილმდებარეობას შეიცვლის და ქალაქგარეთ გაშენდება.
რომან ფიფია (“დინამოს” პრეზიდენტი): “სასიამოვნოა თქვენი ხილვა “დინამოს” ბაზაზე – კახა კაჭარავა დაბრუნდა “დინამოში”. მე ძალიან ბევრი კრიტიკული მესიჯები წავიკითხე ამ საკითხთან დაკავშირებით, მწვრთნელთა ხშირ ცვლასთან დაკავშირებით.
ძალიან ადვილია კრიტიკა მაშინ, როდესაც არაფერს აკეთებ. ნუ გგონიათ, რომ ადვილია 3 თვეში კონტრაქტის დარღვევა და მწვრთნელის გაშვება, მაგრამ არის საკითხები, რომელთაც ვერც რომან ფიფია დაარღვევს. მე მომწონდა გროზნის მუშაობა, ვარჯიშები და სტილი, თუმცა, იგი უკვე წასულია თავის სახლში.
კახას რაც შეეხება, ის დინამოელია გულითა და სულით. ბევრი უცხოელი მწვრთნელი შევიცვალეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი საქმე ქართველმა უნდა აკეთოს, რადგან ისე გულიანად, როგორც ქართველს შეუძლია მოკიდოს “დინამოს” გაწვრთნას ხელი, უცხოელებში ვერ დავინახე. უცხოელი მწვრთნელები კი, აქ მოჭრილი დროით მოდიან, თუ უკეთეს წინადადებას მიიღებენ, მაშინვე მიდიან, როგორც ჩვენი ფეხბურთელები.
ჩვენ არსად გვეჩქარება, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ გვაქვს მომავლის იმედი. მე სრულ ნდობას ვუცხადებ კახა კაჭარავას და მას ჩაბარდება ის სამწლიანი პროგრამა, რომელიც გვაქვს.
სამწუხაროდ დიდ უმადურობასთან გვაქვს საქმე ფეხბურთელების მხრიდანაც, კონტრაქტის გაფორმება-არგაფორმებაზე.
ჩვენი უბედურებაა ეს ორი კორპუსიც, რომელიც აქ შენდება და იგი სრულიად გააბათილებს “დინამოს” ბაზის ფუნქციას. მინდა გითხრათ, რომ ამათი შეჩერება შეუძლებელი გახდა, რადგან უფლება აქვთ მიღებული. ამიტომ, უახლოეს მომავალში იძულებული გავხდები ქალაქგარეთ გავიტანო “დინამოს” ბაზა. რადგან აქ ეს ყველაფერი სახეს კარგავს. ხომ შეიძლება კორპუსიდან ვინმემ ბოთლი გადმოაგდოს, ან სიგარეტი...
რაც შეეხება ადგილს, ასეთი განაშენიანება იქ არ იქნება, ესაა მხოლოდ ცნობილი. ეს არის ჩემთვის ნომერ პირველი თემა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდშიც ბევრი პრობლემა გვაქვს. ეს არაა ადვილი, როდესაც ქვეყანაში უნიკალური ბაზა გაქვს და ხელიდან გეცლება ეს ფუნქცია. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ასეა.
ამ ადგილს რაც შეეხება, გაკეთდება ისეთი რამ, გუნდს შემოსავალს და სარგებელს მოუტანს. ბაზა კი, აქ ნამდვილად აღარ იქნება, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია. ვიღაცას გული ხომ უნდა ტკიოდეს, მე ფული მომაქვს აქ, ისინი კი, პირიქით ამ გამწვანების ფონზე ადგილს ყიდიან და ფულს აკეთებენ".