ფეხბურთი

18:55 | 1.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელებმა ევრო 2024-ის მასპინძლობისთვის განაცხადი წარადგინეს

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის უეფაში ოფიციალური განაცხადი წარადგინა. საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის რაინჰარდ გრინდელის განცხადებით, გერმანია კარგად აცნობიერებს თუ რა პრობლემებს უკავშირდება ასეთი ტურნირის ორგანიზება, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ყველა პირობის გათვალისწინებით ქვეყანა მზადაა დაუვიწყარი საფეხბურთო ზეიმი მოაწყოს.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უეფას წარმომადგენლებისთვის პირადად მეცნობებინა, რომ გერმანია ყოველმხრივ მზადაა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ღონისძიების მნიშვნელობას და გამოწვევებს, რაც მის ორგანიზებას უკავშირდება. თუმცა, ქვეყანაში უკვე არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სხვა პირობები გვაძლევს საშუალებას თამამად ვთქვათ, რომ უმაღლეს დონეზე შევძლებთ ტურნირის მასპინძლობას და ამისთვის დიდი ხარჯები არ იქნება საჭირო” - ციტირებს გრინდელის სიტყვებს გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

უეფა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველთა სრულ სიას 10 მარტს გამოაცხადებს. მანამდე კი, არაოფიციალურად ითქვა, რომ პრეტენდენტთა შორის გერმანიის გარდა, თურქეთი, დანია, ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი იქნებიან.

0.126028