ფეხბურთი

23:58 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის ლიგის თასის მფლობელია

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის ლიგის თასის 2016/2017 წლების სეზონის ფინალურ მატჩში “საუთჰემპტონი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ჟოზე მოურინიომ “წითელი ეშმაკების” რიგებში მეორე ტიტული მოიგო.

“უემბლიზე” გამართული შეხვედრა ძალიან საინტერესო და თანაბარი გამოდგა. “იუნაიტედმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ჟესი ლინგარდის გოლებით ტაიმის ბოლოსკენ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, თუმცა “წმინდანების” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ დანებებულან და ძალიან მალე “წითელი ეშმაკების” უპირატესობისგან აღარაფერი დატოვეს: პირველი ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე მანოლო გაბიადინიმ ახლო მანძილიდან სხვაობა შეამცირა, ხოლო 48-ე წუთზე ეფექტური დარტყმით დუბლი გაიფორმა და წონასწორობა აღადგინა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდი უტევდა და შანსები საკმაოდ ჰქონდათ, თუმცა უფრო მწვავედ “წმინდანები” უტევდნენ და ერთ ეპიზოდში ძელსაც გაარტყეს. გადამწყვეტი სიტყვა კვლავ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომელმაც 87-ე წუთზე თავური დარტყმით დუბლი შეასრულა და “იუნაიტედს” ტიტული მოაგებინა – 3:2.

“წითელმა ეშმაკებმა” ინგლისის ლიგის თასი არსებობის განმალობაში მეხუთედ მოიგეს.

მანჩესტერ იუნაიტედი – საუთჰემპტონი 3:2 (2:1)

ლონდონი, “უემბლი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბაილი, როხო, სმოლინგი, ვალენსია, პოგბა, ერერა, მატა (კერიკი 46), ლინგარდი (რეშფორდი 77), მარსიალი (ფელაინი 90), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

საუთჰემპტონი (4-4-1-1): ფორსტერი, იოშიდა, სტეფენსი, სოარეში, ბერტრანი, ს.დევისი (ჯ.როდრიგესი 90), რომეუ, რედმონდი, უარდ-პროუსი, ტადიჩი (ბუფალი 77), გაბიადინი (ლონგი 83).
მწვრთნელი: კლოდ პუელი

გოლები: 1:0, 3:2 იბრაჰიმოვიჩი (19; 87), 2:0 ლინგარდი (38), 2:1, 2:2 გაბიადინი (45+1; 48)
გაფრთხილებები: ერერა, ლინგარდი – რომეუ, სტეფენსი, რედმონდი
მსაჯი: ანდრე მარინერი

სტატისტიკა
0.254647