საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, „სამტრედიას“ მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ სუპერთასის მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ცეცაძის თქმით, მისმა გუნდმა დამსახურებულად მოიპოვა საქართველოს სუპერთასი.
ასევე, შეაქო „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი და აღნიშნა, რომ ასეთი თამაშები, რაც უფრო მრავლად იქნება საქართველოში, მით უფრო უკეთესიაო.
„როგორც ვვარაუდობდით, ურთულესი თამაში გამოვიდა - შეკრებიდან ახალი ჩამოსულები ვართ, მეტოქეც ძლიერი გვყავდა. ჩემმა ფეხბურთელებმა დავალებების 50%-ზე მეტი შეასრულეს და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
რაც შეეხება თამაშის ხარისხს, ეს ალბათ, უფრო გულშემატკივრებმა შეაფასონ აჯობებს, მაგრამ ჩემი აზრით, ნორმალური შეხვედრა გამოვიდა და რაც უფრო მეტი იქნება ასეთი თამაშები საქართველოში, მით უკეთესია.
კახა ჩხეტიანის სახით კი, საქართველოს უკვე ჰყავს ერთით მეტი წარმატებული მწვრთნელი. მას და მის გუნდს მომავალში წარმატებებს ვისურვებ“, - განაცხადა ცეცაძემ.
შეგახსენებთ, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით „სამტრედიამ“ თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგები აჩვენა - საქართველოს ჩემპიონობიდან ორ თვეში იმერულმა გუნდმა მეორე ტიტულიც დაისაკუთრა.