ფეხბურთი

16:14 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედიამ” ჩემპიონის ტიტულს საქართველოს სუპერთასიც დაამატა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “სამტრედიამ” ახალი სეზონი ტიტულით დაიწყო – გია ცეცაძის გუნდმა დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი “ტორპედო” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და საქართველოს სუპერთასი თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა.

მარტვილში, “მურთაზ ხურცილავას” სტადიონზე გამართული მატჩი დრამატული და ლამაზი სანახავი გამოდგა. მრავლად იყო სახიფათო მომენტებიც. თავიდან უპირატესობას “ტორპედო” დაეუფლა და მე-17 წუთზე სტანდარტის შემდგომ გიორგი გურულმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. გია ცეცაძის გუნდი გონს მალევე მოვიდა და მეთოდურად სათამაშო უპირატესობა ხელთ იგდო. ამან შედეგი გამოიღო. დავით ჯიქიას ორი რეალური მომენტი შეექმნა, მაგრამ ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, კარგი კომბინაცია გოლით დაასრულა დავით რაჟამაშვილმა. ამ მომენტში აღსანიშნავია, ქუთაისელთა კაპიტნის როინ კვასხვაძის უხეში შეცდომა. პირველი ტაიმში კიდევ იყო ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი – თორნიკე კაპანაძემ გოლი გაიტანა და მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა ჩათვალა კიდეც გოლი, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც ხელით თამაში დააფიქსირა შეტევაში. ამას სტადიონზე “ტორპედოს” ქომაგთან უკმაყოფილება მოჰყვა. თუმცა, არბიტრს გადაწყვეტილება მეორედ აღარ შეუცვლია და ანტრაქტზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ – 1:1.

მეორე ტაიმიც დაახლოებით იგვე სცენარით დაიწყო, როგორც პირველი – თანაბარი თამაში იყო, უფრო მეტი ბრძოლა და საბოლოოდ, ამ ბრძოლაში უფრო მეტად “სამტრედიას” გაუმართლა. 58-ე წუთზე კვასხვაძე კიდევ ერთხელ შეცდა უხეშად – სტანდარტისას კარიდან გამოვიდა, ბურთი ხელიდან გაუვარდა. გამოცდილ კიპერს მეორე შეცდომაც არ აპატიეს და გიორგი ბერიაშვილმა თავისიანები დააწინაურა.

როგორც აღმოჩნდა, ეს გადამწყვეტი გოლი გამოდგა – მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილ დროში “ტორპედოს” რამდენიმე რეალური მომენტი შეექმნა, მათი გოლებად გარდასხვა ვერ შესძლეს. ყველაზე ახლოს ანგარიშის გათანაბრებასთან კაპანაძე იყო, რომელმაც ორჯერ ძალზე ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა – ისეთი მომენტები გახლდათ, ერთი ხანობა გულშემატკივრებს გოლიც ეგონათ, მაგრამ... მსაჯის კომპესირებულ დროში კი, ჯერ ბერიაშვილს მცირედი დააკლდა დუბლის შესასრულებლად, როცა პირისპირ გავიდა მეკარესთან, დაარტყა კიდე, მაგრამ ბურთი ჯერ ერთ ძელს მოხვდა, შემდეგ მეორეს. აღნიშნული ეპიზოდიდან ზუსტად ერთ წუთში მეორე ყვითელი ბარათის გამო გიორგი დათუნაიშვილი გააძევეს, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია – “სამტრედიამ” 2:1 გაიმარჯვა და როგორც უკვე მოგახსენეთ, პირველად მოიპოვა საქართველოს სუპერთასი.

“სამტრედია” – “ტორპედო” 2:1 (1:1)

მარტვილი, “მურთაზ ხურცილავა”

მაყურებელი: 1 000

“სამტრედია” (4-2-3-1): მიგინეიშვილი; მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე (გოგიაშვილი 90), ახალაძე (სუხომლინოვი 79); დათუნაიშვილი, მანჯგალაძე; რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი, ჯიქია (სამუშია 71); ბერიაშვილი

მწვრთნელი: გია ცეცაძე

“ტორპედო” (4-2-3-1): კვასხვაძე; ხურცილავა, გურული, ადამაძე, ქიმაძე; ბაბუნაშვილი (საბანაძე 61), გიგაური (მამასახლისი 71); მახარობლიძე (ტუღუში 78), კუხიანიძე, დოლიძე; კაპანაძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლები: 0:1 გურული (17), 1:1 რაჟამაშვილი (28), 2:1 ბერიაშვილი (58)

გაფრთხილება: დათუნაიშვილი (45, 90) – გურული (58)

გაძევება: დათუნაიშვილი (90)

მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

0.370301