დღეს ორი ახლი ბოლიდი ვიხილეთ - ფორმულა 1-ის ისტორიაში ორი ყველაზე წარმატებული გუნდის ახალი სარბოლო ავტომობილები. „ფერარის“ სიახლე უკვე გაგაცანით. მეორეა „მაკლარენის“ MCL32. უოკინგელთა ბოლიდების ინდექსაცია შეიცვალა (MP4-ის ნაცვლად MCL), ფორთოხლისფერი შეფერილობა კი ამ გუნდის არსებობის დასაწყისს გვახსენებს.
ეს სიმბოლურიცაა - ორი კატასტროფული სეზონის შემდეგ, „მაკლარენი“ და მისი პარტნიორი „ჰონდა“ ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავენ. ფერნანდო ალონსომაც აღიარა, „მერსედესს“ ჩემი გადაბირება სურდა, მაგრამ მე „მაკლარენთან“ ერთად ვაპირებ მესამე ტიტულისთვის ბრძოლასო. ასეა თუ ისე, უოკინგელები ახალ სეზონს ძველი იმედებით ხვდებიან. დაკიდევ, გუნდს აღარ ხელმძღვანელობს რონ დენისი, რომელმაც ის ფ1-ის ლეგენდად აქცია. ამიერიდან, მის ადგილზე ზაკ ბრაუნი იმუშავებს.
„შესანიშნავია. ეს განსაკუთრებული დღეა ყველასთვის. მე პირველად ვარ ახალი მანქანის პრეზენტაციაზე. ჩემი აზრით, ის ხელოვნების ნიმუშია. მოუთმენლად ველი მომენტს, როცა ამ მანქანას ტრასაზე ფერნანდო და სტოფელი (ვანდოორნი) გამოიყვანენ. ფორთოხლისფერი ჩვენი ფანების სურვილი იყო და ჩვენ ის დავაკმაყოფილეთ. მე მაკლარენის ფანი ვარ. ჩვენ ძალიან გაწბილებულები ვართ იმით, რომ რბოლებს ვეღარ ვიგებთ. ჩვენ ახალი პაკეტი გვაქვს. 2015 წლის სეზონმა გაწბილებულები დაგვტოვა. 2016-ში პროგრესი გვქონდა, მაგრამ შედეგები მაინც არ იყო „მაკლარენის“ შესაფერისი. პროგრესს ვგეგმავთ ახალ სეზონშიც“, - ამბობს ბრაუნი.
უოკინგელებმა თავიანთი ბოლიდი ფორთოხლისფრად 1997, 1998 და 2006 წლების სეზონების წინ გამოაწყვეს, თუმცა ჩემპიონატში სხვა ფერები არჩიეს. ფორთოხლისფერი მათი საფირმო ფერი მხოლოდ 1968-1971 წლებში იყო. თუმცა ფერი მთავარი მაინც არა. მთავარია, „მაკლარენის“ შასის და „ჰონდას“ ძალური დანადგარის კომბინაციით, გუნდმა შეძლოს მოწინავეთა რიგებში დაბრუნება. თორემ კრიზისის გაჭიანურებამ შესაძლოა ფინანსური პრობლემები მოუტანოს.
სხვათა შორის, წინა ორი სეზონის წარუმატებლობა, მეტწილად „ჰონდას“ მუშაობის კონსერვატიული სტილის შედეგია. იაპონელები გუნდთან შეწყობილად არ მუშაობდნენ. ახალი სსეზნსთვის, მათ აგრეგატი რადკალურად შეცვალეს. უარი თქვეს კონცეპცია „საიზ ზიროზე“, რამაც წინა სეზონებში, ძალური დანადგარის სრული პოტენციალით გამოყენების საშუალება არ მისცა. შეიცვალა შიდაწვის ძრავის კონსტრუქცია და ძალური დანადგარის შეთანწყობა.
რაც შეეხებათ პილოტებს, ალონსო დარჩა, მისი თანაგუნდელი კი ბელგიელი სტოფელ ვანდოორნი იქნება, რომელმაც ჯენსონ ბატონი შეცვალა. ვანდოორნს ფ1-ში ერთი რბოლა აქვს გამართული - გასული სეზონის მეორე ეტაპზე (ბაჰრეინი) ეტაპზე, ავსტრალიაში ტრავმირებული ალონსოს ნაცვლად იასპარეზა და ფინიშთან მეათე მივიდა, რითაც ერთი ქულის აღება შეძლო. და ეს გუნდისთვის, ორ რბოლაში მოპოვებული პირველი ქულა იყო...







