კალათბურთი

22:13 | 24.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა

დღეს ,,ქუთაისმა“ გუშინ ჩატარებული თასის ნახევარფინალის შემდეგ ,,ოლიმპს“ ამჯერად საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის ბოლო შეხვედრაში უმასპინძლა.

თუ თასზე ქუთათურებმა საკმაოდ იოლად შეძლეს მეტოქის დამარცხება, დღეს ძალიან გაუჭირდათ და 3 მეოთხედის განმავლობაში ძირითადად მდევრის როლში იმყოფებოდნენ. ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში 63:57 იყო ,,ოლიმპის“ სასარგებლოდ, რომელიც ,,მგზავრებთან“ ერთად მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერია.

მდევრის როლში მყოფმა მასპინძლებმა ბოლო, მეოთხე მეოთხედი აღმავლობით ჩაატარეს და საბოლოოდ დიდი ანგარიშით 85:74 შეძლეს მეტოქის დამარცხება.

ამ შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე კარგი შედეგი ,,ოლიმპის“ უკანახაზელმა რეზო როგავამ აჩვენა, რომელმაც ყველაზე მეტი 25 ქულა დააგროვა. მასპინძელთა შორის 14 ქულით ყველაზე შედეგიანი, მსროლელი აკაკი ლომოური იყო. 12-12 ქულა კი გიორგი ცინცაძემ, გიგი ბარბაქაძემ და ზაურ ფაშაევმა მიითვალეს.

ამ გამარჯვების შემდეგ ,,ქუთაისი“ მეორე ადგილზე კიდევ უფრო მყარად დამკვიდრდა. რაც შეეხება ,,ოლიმპს“, მას ,,მგზავრები“ წამოეწია და ისინი ერთად მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფენ.

,,ქუთაისი“-,,ოლიმპი“ 85:74 (20:25, 19:17, 18:21, 28:11)

0.109371