ევროპა ლიგის სამი 1/8 ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. ესენი არიან: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “შალკე” და “კრასნოდარი”. დღეს 1/16 ფინალური ეტაპის კიდევ 13 განმეორებითი შეხვედრა გაიმართება და შესაბამისად, ამდენივე 1/8 ფინალისტი გამოვლინდება.
რამდენიმე შეხვედრაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ჩატარება ფორმალობაა. “რომამ” გასულ კვირას “ვილიარეალი” გასვლაზე 4:0 დაამარცხა და ესპანელების შანსებზე საუბარი ნამდვილად სასაცილოა. ასეთივე ანგარიშით “როსტოვმა” “სპარტა” დაამარცხა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ რუსებმა ეს გამარჯვება შინ მოიპოვეს.
ნახსენები კლუბების გარდა, ასეთივე მდგომარეობაში იმყოფებიან “ლიონი” და “ბეშიქთაში”, რომელთაც პირველ მატჩებში დიდი ანგარით მოიგეს და თუ ნამდვილი სასწაული არ მოხდა, შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ.
სხვა კლუბებიდან, შედარებით უპირატესობა “ფიორენტინას”, “სელტას”, “კოპენჰაგენს” და “ანდერლეხტს” აქვთ. პირველმა სამმა კლუბმა გასვლებზე მინიმალური სხვაობით იმარჯვეს, ხოლო ბელგიელებმა საკუთარ მოედანზე “ზენიტს” ორი ბურთი გაუტანეს. თუმცა, რუსული კლუბის ძალის გათვალისწინებით, ისინი უშანსოდ ნამდვილად არ არიან.
ალბათ, მხოლოდ 5 წყვილზე შეიძლება იმის თქმა, რომ შანსები 50-50-ზეა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ვაკო ყაზაიშვილის ჰოლანდიაში დაბრუნებაა. ვარშავაში გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და საშინაო ფაქტორიდან გამომდინარე, მცირე უპირატესობა მაინც “აიაქსს” აქვს, თუმცა პირველი მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე, თუ “ლეგია” ერთი ბურთის გატანას მაინც შეძლებს, ჰოლანდიელებს დიდი პრობლემები შეექმნებათ. თავის მხრივ უნდა ვთქვათ, რომ ვაკო ყაზაიშვილისთვის “ამსტერდამ არენაზე” გატანილი გოლი უცხო ხილი არაა და იმედი გვაქვს, რომ ჩვენებური ამის გაკეთებას დღესაც მოახერხებს.
“აიაქსი” ჩერნის, კლემენტს და სინკგრავენს ტრავმების გამო მოისაკლისებს, ხოლო ტეტე დისკვალიფიცირებულია. “ლეგიას” დისკვალიფიკაციის გამო რადოვიჩი არ ეყოლება, მულინის კი ტრავმა აწუხებს.
უგოლოდ დასრულდა “ოლიმპიაკოსის” და “ოსმანლისპორის” პირველი დაპირისპირებაც პირეოსში. თურქული კლუბი მიმდინარე სეზონში ძალიან კარგად გამოიყურება, თუმცა გამოცდილება ბერძნებისკენაა. შეიძლება ითქვას, რომ შანსები თანაბარია.
“ბილბაომ” “სან მამესზე” ძალიან აჯობა “აპოელს”, თუმცა მხოლოდ 3:2 მოიგო და ახლა კვიპროსში დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს. ერნესტო ვალვერდემ გასულ კვირას “ვალენსიასთან” წაგებულ (0:2) მატჩში დღევანდელი შეხვედრისთვის რამდენიმე ლიდერი დაასვენა, თუმცა ბასკებს მაინც არ გაუმართლათ, რადგან პირველ ნახევარში აიმერიკ ლაპორტე დაშავდა, ხოლო მეორე ნახევარში ვალვერდემ არიც ადურისს უხმო მინდორზე, რომელიც რამდენიმე წუთში დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია. ორივე მოთამაშე დღევანდელ თამაშს გამოტოვებს, რაც “ლომებისთვის” ძალიან დიდი დანაკლისია.
“ტოტენჰემმა” ბელგიაში “გენტთან” 0:1 წააგო და დღეს სრულფასოვანი რევანშის აღებას და შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებას შეეცდება. მაურისიო პოჩეტინომ პირველ მატჩში ლიდერთაგან მხოლოდ კრისტიან ერიკსენი არ ათამაშა და დღესაც დიდი ალბათობით ძირითადი შემადგენლობით ითამაშებს. “დეზები” ლამელას და როუზს მოისაკლისებენ, ხოლო სტუმართაგან რაბიუს, ბიედოვის და ტეკიეს თამაშია საეჭვო.
კიდევ ერთი ბელგიური კლუბი “გენკი” შინ “ასტრას” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და ფავორიტად მასპინძლები მოიაზრებიან.
20:00 ოსმანლისპორი – ოლიმპიაკოსი (0:0)
22:00 აიაქსი – ლეგია (0:0)
22:00 აპოელი – ბილბაო (2:3)
22:00 რომა – ვილიარეალი (4:0)
22:00 ბეშიქთაში – ბირ შევა (3:1)
22:00 ზენიტი – ანდერლეხტი (0:2)
00:05 კოპენჰაგენი – ლუდოგორეცი (2:1)
00:05 ფიორენტინა – გლადბახი (1:0)
00:05 გენკი – ასტრა (2:2)
00:05 ლიონი – ალკმაარი (4:1)
00:05 შახტარი – სელტა (1:0)
00:05 სპარტა – როსტოვი (0:4)
00:05 ტოტენჰემი – გენტი (0:1)