ძიუდო

11:52 | 22.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარიუს ვიზერის ინტერნეტ-კონფერენცია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერის განცხადებით, ახალ წესებს ფედერაცია ყურადღებით აკვირდება და სეზონის ბოლოს გადაწყვეტს, საბოლოოდ დაამტკიცებს თუ კიდევ რაიმეს შეცვლის. ვიზერმა ამ და სხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, ტვიტერზე ონლაინ-კონფერენცია მოაწყო და ძიუდოს გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა.

"ახალი წესებით უკვე რამდენიმე ტურნირი ჩავატარეთ და ამ ეტაპზე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ძიუდოს წრეებში სიახლეებს საკმაოდ დადებითად აფასებენ. ჩვენი სახეობა უფრო დინამიური გახდა. თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მიმდინარე რეჟიმს სატესტოს უფრო დავარქმევდი. საბოლოო დასკვნაზე კი სექტემბერში ბუდაპეშტში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ვისაუბროთ" - თქვა მარიუს ვიზერმა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ევროპის ღია ტურნირის სტატუსის მქონე შეჯიბრებების შედეგების დაბალი სარეიტინგო ქულებით შეფასებაზეც სთხოვეს კომენტარის გაკეთება. ვიზერის აზრით, მართალია ამ ტურნირებზე ძიუდოისტებს გაცილებით ნაკლები ქულები ერიცხებათ, ვიდრე გრან პრიზე, გრან სლემსა და მასტერსზე, მაგრამ არსებობს ლოგიკური მიზეზი, რაც მთელ რიგ საორგანიზაციო საკითხებს ემყარება.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც მარიუს ვიზერი შეეხო, მსოფლიოს 2017 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატია. წლის ერთ-ერთი უმთავრეს შეჯიბრებას 18-22 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეამ უნდა უმასპინძლოს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ჰკითხეს, არის თუ არა დარწმუნებული იმაში, რომ ფხენიანში ყველა ქვეყნის ნაკრები შეძლებს ჩასვლას. მარიუს ვიზერის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით თავად და საერთაშორისო ფედერაციის სრული შემადგენლობა აქტიურად მუშაობენ.

0.111582