საქართველოს ნომერ პირველმა ნომერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დელრეი ბიჩის ღია ტურნირის პირველ წრეში გერმანელი ტომი ჰაასი დაძაბულ ბრძოლაში 6:7, 7:6, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში სტივ დარსის შეხვდება.
პირველ სეტში არეული თამაში მიმდინარეობდა, რადგან მეტოქეებმა ორ-ორი მოწოდება დათმეს. მეოთხე გეიმზე ბასილაშვილი დაბრეიკდა, შემდეგ ჰაასი. ნიკოლოზს შანსი ჰქონდა ანგარიში 3:3 გაეხადა, თუმცა კვლავ წააგო მოწოდება და საბოლოოდ მეათე გეიმზე, როდესაც გერმანელს შეეძლო მოწოდების უპირატესობის გამოყენება, დაბრეიკდა. საბოლოოდ საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც იღბალი ჰაასის მხარეს აღმოჩნდა.
მეორე სეტში მეშვიდე გეიმზე ქართველი კვლავ დაბრეიკდა, თუმცა მალევე ანგარიში გაათანაბრა - 4:4. ბასილაშვილის მოწოდებაზე ჰაასმა მარჯვენა ფეხის კუნთი დაიჭიმა, სამედიცინო შესვენება გამოიყენა და მატჩი გააგრძელა. ნიკას შანსი ჰქონდა მეათე გეიმშივე მოეგვარებინა საქმე, თუმცა შეცდომების წყალობით სეტში გამარჯვებულის ვინაობა კვლავ საჩოგბურთო ლატარეაში გადაწყდა, სადაც ნიკა 6:3 იგებდა და მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლო. მიუხედავად ასეთი ჩამორჩენის შემცირებისა, ჰაასმა გადამწყვეტ მომენტებში კარგად ვერ ითამაშა და 8:10 წააგო.
მესამე სეტი ნიკამ კარგად დაიწყო, პირველივე გეიმზე ბრეიკი შეასრულა და მოწოდების უპირატესობაზე მეტოქეს შანსი არ დაუტოვა - 2:0. როგორც აღმოჩნდა, ტომის გადამწყვეტ სეტში ძალა აღარ აღმოაჩნდა და ნიკოლოზმა იოლად მოიგო.
მიუხედავად მოგებისა, უნდა ითქვას რომ ბასილაშვილს განვლილ შეხვედრაში ბევრი შეცდომა ჰქონდა. ჰაასი ცდილობდა დაბალი ტრაექტორიით გაეშვა ბურთი და მეტოქის შეცდომების წყალობით მოეგო. საპირისპიროდ გერმანელსაც ჰქონდა ბევრი შეცდომა და იღბლიანი უფრო ქართველი აღმოჩნდა. ბასილაშვილმა 6 ეისი მოაწოდა, ხოლო ჰაასმა - 3. ტომის 10 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ბასილაშვილს კი - 3. მერვედფინალში ნიკოლოზი შეხვდება ბელგიელ სტივ დარსის, რომელმაც ტურნირს ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი გამოთიშა. აქამდე ბელგიელი და ქართველი არ შეხვედრილან.