თბილისის "დინამომ" მორიგი მატჩი მოიგო თურქულ შეკრებაზე. კახა კაჭარავას გაწვრთნილებმა ბელარუსის საუკეთესო გუნდს, ბორისოვოს ბატე-ს 2:0 სძლიეს.
პირველი გოლი მე-19 წუთზე გავიდა. ბელარუსთა მცველმა ხელით ითამაშა, პენალტი დაინიშნა და ბექა მიქელთაძემ ზუსტად შეასრულა. ამ გოლამდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, მერე კი ბატე გააქტიურდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ ბელარუსებს.
კახა კაჭარავა მთელი 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა, მუდმივად კარნახობდა ფეხბურთელებს და გუნდსაც ეტყობოდა, რომ ყურადღებით თამაშობდა. კონცენტრაცია არ დაუკარგავთ.
მეორე გოლი ლამაზი გამოვიდა: 82-ე წუთზე ქართველებმა თავიანთი ნახევრიდან, მარჯვენა ფლანგიდან დაიწყეს შეტევა, სწრაფად გაათამაშეს ბურთი, მარცხნიდან ჩაწოდებულს კი ბაჩანა არაბულის თავური მოჰყვა. ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, მერე მეკარეს და ასე შევარდა კარში - 2:0.
ბატე-ს ძირითადში იყო ვაკო გვილია, რომელმაც ფეხი იტკინა და 30-ე წუთზე შეცვალეს.