ფეხბურთი

12:27 | 20.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდების შეხვედრის მოლოდინში - ჯიჯი VS იკერი

ოთხშაბათს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს პორტუგალიური “პორტუ” და ტურინის “იუვენტუსი” დაუპირისპირდებიან. მიუხედავად ასეთი რანგის მატჩისა, ბევრისთვის მთავარი ინტრიგა მაინც ჯანლუიჯი ბუფონისა და იკერ კასილიასის მორიგი დუელია.

ხშირად მოისმენდით ან მოისმენთ ფრაზას: ჯიჯი თუ იკერი? იკერი თუ ჯიჯი? – მოკლედ, დაუსრულებლად და საბოლოოდ მაინც ყველაფერი გემოვნების საკითხია. თუმცა, ფაქტია, რომ მიუხედავად უდიდესი კონკურენციისა, იტალიელი და ესპანელი მეგობრები არიან და ერთმანეთს უდიდეს პატივსაც სცემენ.

ორი ლეგენდარული კიპერის გზა არაერთხელ გადაკვეთილა საფეხბურთო მოედნებზე. აქამდე მხოლოდ “იუვენტუსი” – “რეალისა” და ესპანეთი – იტალიის დაპირისპირებების დროს. ამჯერად, უკვე საქმეში “პორტუც” გაერია.

პირველად, ბუფონსა და კასილიასს ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში 2003 წლის გვიან გაზაფხულზე მოუწიათ, როდესაც მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “იუვენტუსი” 2:1 დაამარცხა. თუმცა, საპასუხო თამაში 1:3 წააგო და ფინალს მიღმა დარჩა.

მთლიანობაში დღემდე ბუფონისა და კასილიასის დაპირისპირებები 17 მატჩს ითვლის – აქედან ოთხი თამაში ჯიჯისა და მისი თანაგუნდელების გამარჯვებით დასრულდა, ექვსჯერ გამარჯვება კასილიასსა და მის გუნდს დარჩა, ხოლო დანარჩენ 7 თამაშში ფრე დაფიქსირდა. ჯიჯი ბუფონმა ხსენებულ მატჩებში 19 გოლი გაუშვა, ხოლო იკერ კასილიასმა - 16. იტალიელმა საკუთარი კარი მშრალად სამჯერ შეინახა, ესპანელმა კი - ექვსჯერ.

ჯანლუიჯი ბუფონი VS იკერ კასილიასი

“რეალი” – “იუვენტუსი” 2:1 (2002/2003)

“იუვენტუსი” – “რეალი” 3:1 (2002/2003)

იტალია – ესპანეთი 1:1 (2004 წელი, ამხანაგური მატჩი)

“რეალი” – “იუვენტუსი” 1:0 (2004/2005)

“იუვენტუსი” – “რეალი” 2:0 (2004/2005)

ესპანეთი – იტალია 0:0 პენ: 4:2 (ევრო 2008)

ესპანეთი – იტალია 1:0 (2008 წელი, ამხანაგური მატჩი)

იტალია – ესპანეთი 2:1 (2010 წელი, ამხანაგური მატჩი)

ესპანეთი – იტალია 1:1 (ევრო 2012)

ესპანეთი – იტალია 4:0 (ევრო 2012)

ესპანეთი – იტალია 0:0 პენ: 7:6 (კონფედერაციის თასი 2013)

“რეალი” – “იუვენტუსი” 2:1 (2013/2014)

“იუვენტუსი” – “რეალი” 2:2 (2013/2014)

ესპანეთი – იტალია 1:0 (2014 წელი, ამხანაგური მატჩი)

“იუვენტუსი” – “რეალი” 2:1 (2014/2015)

“რეალი” – “იუვენტუსი” 1:1 (2014/2015)

ბოლოს, იკერისა და ჯიჯის გზები 2016 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე გადაიკვეთა, თუმცა ნაწილობრივ – ბუფონის იტალიამ კასილიასის ესპანეთს 2:0 აჯობა მერვედფინალში, მაგრამ ლეგენდების დაპირისპირება არ შედგა: “ფურია როხას” კარს იმ დღეს დავიდ დე ხეა იცავდა. მანამდე სამი თვით ადრე კი, “სკუადრა აძურამ” და “ფურია როხამ” უდინეში ისპარინგეს (1:1), თუმცა მაშინაც მოედანზე ბუფონი იყო, კასილიასი კი თადარიგში დარჩა.

გარდა ამისა, კიდევ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ამ ორი ლეგენდარული კიპერის გუნდები ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაგრამ მოედანზე გასვლა ერთ-ერთს არ უწევდა. უფრო თუ დავკონკრეტდებით, ჯიჯი ბუფონს – მაგალითად 2008-2009 წლების სეზონში ტრავმის გამო “იუვენტუსისა” და “რეალის” მატჩები გაუცდა ჩემპიონთა ლიგაზე (2:1, 2:0), ხოლო 2009 წლის აგვისტოში ამხანაგურ შეხვედრაში იკერ კასილიასს არ უთამაშია (შეხვედრა მაშინაც ტურინელებმა მოიგეს – 2:1).

0.148323