საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრი გიორგი ელბაქიძე (63 კგ) მინსკში, ალექსანდრ მედვედის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონი გახდა. "დათუნია" ("медвеженок") – ასე ეწოდება პრესტიჟულ შეჯიბრებას, რომელშიც ამბროლაურელმა სპორტსმენმა ფინალის გზაზე სამი რუსი და ერთი უკრაინელი მეტოქე ჩამოიშორა. საჩემპიონო ბრძოლაში კი ყაზახ ნიკიტა საფრონოვს 8:2 მოუგო.
ელბაქიძის გარდა, საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრთაგან კვარცხლბეკზე ასვლის ყველაზე რეალური შანსი ვლადიმერ გამყრელიძეს (54 კგ) და ელგუჯა ბალანჩივაძეს (100 კგ) მიეცათ, მაგრამ მიზნამდე ორივეს გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდნენ.
ბელარუსულ ტურნირში მონაწილეობა საქართველოს, ბელარუსის, რუსეთის, მოლდოვის, უკრაინის, ლატვიის, ლიტვის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და გერმანიის ნაკრებებმა მიიღეს.