ფეხბურთი

10:18 | 19.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: “უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში ყოფნის დროს საქართველოს ნაკრებზე ვფიქრობდი”
“ვცდილობ ყველა ფეხბურთელისგან დადებითი თვისება გადმოვიღო, მაგრამ მოედანზე ვაკო გვილია უნდა ვიყო და არა ვინმე სხვა”

2016 წელს თუ ვინმეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმოჩენა იყო საქართველოს ნაკრებისთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის, პირველ რიგში ასეთი ვაკო გვილიაა – ბორისოვის “ბატესა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.

22 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ 2015 წელს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში ირჯებოდა და მაშინ ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც ერთ წლის მერე, უკვე საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურით ექნებოდა ნათამაშები და თან თამაშსაც ხომ გააჩნია?! – დებიუტი ირლანდიის ნაკრებთან დუბლინში ჰქონდა დამაჯერებელი თამაშით, მაგრამ კარდიფში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტ უელსის ნაკრებთან ვაკო მოედანზე საუკეთესო იყო.

ქართველმა ფეხბურთელმა იმ დღეს ბევრ თანანემამემულეს შეაყვარა თავი და ამისთვის სულ რაღაც 90 წუთიც ეყო. გვილიას კარგი სეზონი ჰქონდა კლუბშიც. “ბატე” ბელორუსიის უძლიერესი გუნდია და მიმდინარე სეზონს თუ არ ჩავთვლით ჩემპიონთა ლიგის მუდმივ მონაწილედაც იქცა.

WORLDSPORT.GE 22 წლის ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა და მასთან ისაუბრა. ვაკო გვილია საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა, დანარჩენს კი, ქვემოთ თავადაც ნახავთ...

- როგორ მიმდინარეობს ახალი სეზონისთვის მზადება და რა იქნება “ბატეს” მიზანი?

- ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. გავიარეთ პირველი შეკრება, რომელიც ყოველთვის რთულია. ახლა მეორე შეკრებაზე მივდივართ და შემდგომ ჩემპიონატი დაიწყება, რომელსაც მოუთმენლად ველოდები. გუნდი მიზანი რა თქმა უნდა, ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა.

- როგორ შეაფასებდით სადებიუტო სეზონს “ბატეში”?

- ვფიქრობ, ცუდი სეზონი ნამდვილად არ იყო, რადგან ჩემი თამაშით ეროვნული ნაკრების ყურადღება მივიპყარი. ეს ნიშნავს, რომ სწორ გზას ვადგავარ. თუმცა, წინ ახალი სეზონი და ახალი მიზნებია, ყველაფერი ცარიელი ფურცლიდან იწყება.

- ბელორუსიის ჩემპიონატზე რას იტყოდით. “ბატე” გასაგებია, მაგრამ სხვებს შესწევთ ძალა იგივე სიმაღლეზე ავიდნენ?

- ვერ ვიტყვი, რომ ბელორუსიის ჩემპიონატი ძალზე გამოირჩევა სიძლიერით, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ სუსტი ჩემპიონატია. საკმაოდ ბრძოლისუნარიანი და არაპროგნოზირებადი თამაშები იმართება. რა თქმა უნდა, ქვეყნის ფლაგმანი “ბატე” გამოირჩევა თავისი სიძლიერით, მაგრამ სხვა გუნდებიც არიან, რომელთაც შეუძლიათ კონკურენციის გაწევა. თუნდაც მინსკის “დინამო” 2 წლის წინ, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა.

- საქართველოს ნაკრებში დებიუტი შეიძლება ითქვას, შთამბეჭდავი გამოგივიდათ – ირლანდიასთან და უელსთან მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყავით. ემოციები რომ გაიხსენოთ...

- საქართველოს ნაკრებში პირველი თამაშით გამოწვეული ემოცია ენით აღუწერელია! რა თქმა უნდა, ყველანი გულდაწყვეტილნი ვართ, რომ ვერ ავიღეთ იმდენი ქულა, რამდენსაც ნაჩვენები თამაშის შემდეგ ვიმსახურებდით, მაგრამ ყველაფერი წინაა და დარწმუნებული ვარ, ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს წინ დიდი წარმატებები ელოდება.

- ჯერ კიდევ 2015 წელს, უკრაინის 21-წლამდე ნაკრებში თამაშობდით. მაშინ იფიქრებდით, რომ ერთ წელიწადში უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იქნებოდით?

- როდესაც უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში გამომიძახეს, მაშინვე ვიფიქრე, რომ იქ თამაში აუცილებლად წამადგებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად და უფლის წყალობით ასეც მოხდა.

- ტექნიკური ფეხბურთელი ბრძანდებით, გოლებსაც ხშირად იტანთ. ვის გავს სათამაშო სტილით ვაკო გვილია?

- ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელთა თამაში სიამოვნებას მანიჭებს. ბავშვობიდან საყვარელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო იყო. ასევე მომწონდა რონალდინიოს, ინიესტას, ზიდანის, პირლოს, მოდრიჩისა და საერთოდ, ყველა კრეატიული სტილის ფეხბურთელის თამაში. ბავშვობაში კი, დავით ყიფიანს მამსგავსებდნენ და ის ჩემთვის ნამდვილად სამაგილითოა! დღესდღეობით ვცდილობ ყველა ფეხბურთელისგან რაღაც დადებითი თვისება გადმოვიტანო, მაგრამ მთავარია ვიყო ის, ვინც ვარ – ვიყო მინდორზე ვაკო გვილია და არა ვინმე სხვა!

- რატომ გადაწყვიტეთ ფეხბურთელობა, ვინ შეგაყვარათ სპორტის ეს სახეობა?

- ბავშვობიდანვე ჩემი ცხოვრება ფეხბურთთან იყო დაკავშირებული. ყოველთვის ვრგძნობდი, რომ ამ გზას უნდა გავყოლოდი ბოლომდე, ჩემი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენელია. ფეხბურთის დიდი სიყვარული კი, მამაჩემისგან გადმომეცა, ამაში დარწმუნებული ვარ, იგი აფანატებს ამ მშვენიერ თამაშზე.

- შეუძლია საქართველოს ნაკრებს 2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად მაინც იბრძოლოს? – რის ხარჯზე?

- რა თქმა უნდა, შეუძლია – ჩვენს ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს, ნაკრებში შეკრებილნი არიან ძლიერი ფეხბურთელები. მთავარია თავდაუზოგავი შრომა, თავდადება. უნდა გაერთიანდეს მთელი ერი, ერთ მუშტად უნდა შეიკრას და მხოლოდ ასეთი მიდგომით შეგვეძლება დიდ ტურნირზე მოხვედრა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერს შესწევს ამის ძალა და უნარი.

- რას ნიშნავს თქვენთვის იცავდეთ ეროვნული ნაკრების ღირსებას და რით განსხვავდება იგი კლუბში ასპარეზობისგან?

- საქართველოს ნაკრებში თამაში და მისი მაისურის მორგება ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში ვშრომობდი, რომ ეს ოცნება რეალობად მექცია. ვფიქრობ, ყოველი ჩვენგანი მადლობელი უნდა იყოს იმისთვის, რომ აქვს საშუალება დაიცვას და წარადგინოს ქართული დროშა მსოფლიოს მასშტაბით – ეს დიდი ბედნიერებაა! თუმცა, ამავდროულად, რა თქმა უნდა, კლუბშიც თამაში მნიშვნელოვანია. თუ კლუბში არ ითამაშე, წარმატებისთვის თავი არ გასწირე, ლოგიკურია, რომ ნაკრებში ვერ მოხვდები.

- ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ბუნდესლიგის გუნდები და მათ შორის, ბერლინის “ჰერტა” იყო დაინტერესებული. თუ შეესაბამება ეს სიმართლეს და ამასთან, სხვა ქვეყნებიდანაც თუ გიწვევდნენ?

- დაინტერესება ნამდვილად იყო სხვადასხვა ქვეყნის გუნდებიდან, მაგრამ დღეს “ბატეს” ფეხბურთელი ვარ და მთლიანად კონცენტრირებული გახლავართ ამ გუნდთან ერთად წარმატების მიღწევაზე. ბუნდესლიგას რაც შეეხება, ჩემთვის პირადად კონტრაქტი არავის შემოუთავაზებია.

- რომელი საფეხბურთო ჩემპიონატია თქვენთვის საოცნებო?

- ჩემი ოცნება და მიზანი ევროპის ტოპ 4 ჩემპიონატში თამაშია – ყველაზე გამორჩეული ჩემი აზრით, ინგლისის პრემიერლიგაა, თუმცა გერმანიის ბუნდესლიგა, იტალიის სერია A და ესპანეთის ლა ლიგაც უდიდესი ჩემპიონატებია. ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიისწრაფოდეს თავისი მიზნისკენ.

0.117206