ჩოგბურთი

5:03 | 17.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი რევანში - ბასილაშვილმა კარლოვიჩის ბარიერი გადალახა (+VIDEO)

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისის ღია ჩემპიონატის მერვედფინალში, ტურნირის პირველ ნომრად განთესილი და მსოფლიოში უძლიერესი დარტყმებით ცნობილი ივო კარლოვიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა.

ბასილაშვილმა ხორვატ ჩოგბურთელს პირველად მოუგო. 2015 წელს კარლოვიჩმა მეტოქე დოჰასა და კუალა ლუმპურში დაამარცხა, ამჯერად კი ვერაფერს გახდა და ტურნირს ლიდერი პირველივე მატჩის შემდეგ გამოაკლდა. ერთი დღის წინ ბასილაშვილმა ჯორდან ტომპსონი მეორე ცდაზე 6:3, 6:0 დაამარცხა.

განვლილ შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან სცენარი ყველამ იცოდა - ივო ეისების ხარჯზე შეეცდებოდა ფონს გასვლას, ხოლო ბასილაშვილი ბრეიკზე იმუშავებდა. ნიკოლოზის ბოლოდროინდელი პროგრესი აშკარაა და ეს ამ მატჩშიც გამოიკვეთა.

პირველ სეტში მეტოქეები თავიანთ მოწოდებებს იოლად იგებდნენ, მხოლოდ ერთხელ მსოფლიოს მე-20 ჩოგანს ბასილაშვილის მეორე მოწოდებაზე, 40:30-ზე ბრეიკის შანსი ჰქონდა, თუმცა ქართველმა სიტუაცია მალევე გამოასწორა. საბოლოოდ საჩოგბურთო ლატარეაში ხორვატს გეგმები მოლოდინისამებრ არ წაუვიდა, თავისი მოწოდება სამჯერ შეცდომების ხარჯზე დათმო, ნიკამ ტაიბრეიკი 7:2 მოიგო და შეიძლება ითქვას შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა. მეორე სეტში მე-6 გეიმზე ხორვატი დაბრეიკდა და ამის შემდეგ, თავადაც ვერ დაიჯერა მატჩის შემოტრიალების, რადგან ქართველი ძალიან თავდაჯერებულად თამაშობდა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში კარლოვიჩი ცდილობდა ბადესთან ხშირად გასულიყო და იქიდან ქულა მოეპოვებინა, მაგრამ ამ კომპონენტში ქართველმა დაჯაბნა. ასევე, ბასილაშვილი გათამაშების დროს მეტოქეს მოძრაობებზე იოლად იჭერდა და ქულის აღება არ უჭირდა.

საბოლოოდ, ნიკამ მსოფლიოს მე-20 ჩოგანი იოლად დაამარცხა და მეოთხედფინალში ავსტრალიელ მეთიუ ებდენსა და ამერიკელ ტეილორ ფრიცს შორის გამარჯვებულს შეხვდება. აშშ-ს წარმომადგენელი 19 წლისაა და გასულ წელს ამავე ტურნირზე ფინალში გავიდა, სადაც კეი ნიშიკორისთან 4:6, 4:6 წააგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ლაივ-რეიტინგში ბასილაშვილი კიდევ დაწინაურდა და 64-ე პოზიციაზე იმყოფება. მემფისის ღია ტურნირის მეოთხედფინალში გასვლით ქართველმა უკვე 45 სარეიტინგო ქულა და 18, 630 დოლარი გამოიმუშავა.

0.138542