ფეხბურთი

15:48 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

სლავოლიუბ მუსლინი: “საქართველოს ნაკრები გამოუცნობი, არაპროგნოზირებადი გუნდია”
"სერბეთის ნაკრებში მხოლოდ სერბმა უნდა ითამაშოს"

სერბეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა ორიოდე კვირის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველომ განვლილი ოთხი მატჩიდან სამი კარგად ჩაატარა და თამაშის ხარისხის მიხედვით, ორ ქულაზე მეტი უნდა ჰქონდეს...

მუსლინი ახლა Sportske.net-ს ესაუბრა და ამონარიდებს გთავაზობთ:

მუსლინი: “ჯგუფში 8 ქულა გვაქვს, მაგრამ ეიფორიას არ უნდა მივეცეთ. ჩვენზე წინაა ირლანდია, რომელიც 2 ქულით გვისწრებს. მართალია, საქართველომ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა, მაგრამ გამოუცნობი, არაპროგნოზირებადი ნაკრებია. განვლილ მატჩებში არ გაუმართლათ. იმედია, ასე იქნება ჩვენს წინააღმდეგაც. მაინც ვფიქრობ, ჩვენს შესაძლებლობებს ბოლომდე თუ გამოვავლენთ, თბილისში მოვიგებთ.

...მცველი ნასტასიჩი და ნახევარმცველი კატაი დაგვაკლდებიან, თუმცა არჩევანის საშუალება მაქვს. საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობას 10-11 მარტს გამოვაცხადებ.

...ნატურალიზება სერბეთის ნაკრებში? ლე ტალეკიც და ლეონარდოც კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ შეხედულება არ შემიცვლია: უცხოელები ნაკრებში არ მსურს. სერბეთის ნაკრებში მხოლოდ სერბმა უნდა ითამაშოს. ან, მაქსიმუმ, დედა მაინც უნდა ჰყავდეს სერბი.

...მიტროვიჩის დაბრუნება? კარგი ინფორმაციაა, რომ გასულ ტურში "ნიუკასლს" გამარჯვება მოაპოვებინა. მნიშვნელოვანია, რომ "ჩელსიში" მუდმივი პრაქტიკა ჰქონდეს მატიჩს, ასევე სხვა კლუბებში მილოვოევიჩს, ობრადოვიჩს, რადოიას, კოლაროვს, მლადენოვიჩს, ვუკოვიჩს, ჟივკოვიჩს. ისე, ბოლო პერიოდში არაერთი ფეხბურთელი დაწინაურდა ნაკრებში და აღარ ვნერვიულობ”.

საქართველო-სერბეთი თბილისში 24 მარტს გაიმართება. სერბებს ჯგუფში ორი მოგება და ორი ფრე აქვთ, საქართველოს კი იგივე ციფრები, ოღონდ პირიქით - ორი ფრე და ორი წაგება.

0.113766